ტურიზმი

თურნავა საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინზე: სიფრთხილეს და ზრუნვას ვიჩენთ მათ მიმართ

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის შენარჩუნებას მათზე "სიფრთხილით და ზრუნვით" ხსნის. საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო კარანტინი უნდა გაიარონ იმ შემთხვევაშიც, თუ იმ ხუთი ქვეყნიდან ბრუნდებიან, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. თუ ერთი რეისით მოფრინავენ გერმანიის, ლიტვის, ლატვიის, საფრანგეთის, ესტონეთისა და საქართველოს მოქალაქეები, კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ. ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები კი, საქართველოს საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგს გაივლიან. ასევე, მათ თან უნდა ჰქონდეთ წინასწარ შევსებული ფორმა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ მოსახლეობა დაიცვან და "არ მოხდეს ის, რაც მოხდა სამი თვის წინ, როცა პანდემია იწყებოდა". რუსთავი 2-ის ეთერში ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სწორედ დასასვენებლად წასული საქართველოს მოქალაქეები "თავისდაუნებურად გახდნენ ინფექციის პირველი შემომტანები".

"იგივე რომ არ მოხდეს, ჩვენივე ხარჯით, როგორც აქამდე უზრუნველვყოფდით, კომფორტულად, აუცილებლად გავუშვებთ კარანტინში ორი კვირით.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ეს გავრცელდება ევროპის იმ ქვეყნების მოქალაქეებზეც, ვინც იმ ხუთი სახელმწიფოდან არ ჩამოდის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის მოქალაქეობასთან მიბმა და დისკრიმინაცია". –თქვა თურნავამ.

კითხვაზე, რატომ არ ამოწმებს საქართველო ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ "ვართ საერთო ევროპული შეთანხმების ნაწილი და ვალდებულებიც ვართ, რომ სიმეტრიული ზომები დავუწესოთ".

"ისინი არ ამოწმებენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენ არ ვამოწმებთ მათ მოქალაქეებს, თუმცა, უკონტროლოდ არ ვტოვებთ – თერმოსკრინინგი ტარდება, ელექტრონული ფორმა ივსება, იმ შემთხვევაში თუ ამ ხუთი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს ჩამოფრენამდე ბოლო 14 დღის ისტორიაში აქვს მოგზაურობა იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიოლოგებს კითხვის ნიშნები აქვთ, მათაც ვთავაზობთ სავალდებულო, ფასიან PCR-ტესტს.

აქედან გამომდინარე, კონტროლი ხორციელდება. რატომ ხორციელდება უფრო მეტი კონტროლი, თან ჩვენს ხარჯზე საქართველოს მოქალაქეებზე – მარტივი პასუხია. ის ჩვენი მოქალაქეა, ვალდებულები ვართ, მეტი სიფრთხილე და მეტი ზრუნვა გამოვიჩინოთ საქართველოს მოქალაქის მიმართ, ნურავინ მიიღებს ამას სხვაგვარად, ეს არ არის ვინმეს უფლებების შეზღუდვა". – ამბობს ნათია თურნავა.

კომენტარები