გიორგი შაქარაშვილის საქმე

ლურსმანაშვილი: თეთრი მიკროავტობუსით მე ვიყავი, ამირხანაშვილს არ ვიცნობ, მან დარეკვა მთხოვა

ლაშა ლურსამანაშვილი, რომელსაც შსს-ში გვიან ღამემდე კითხავდნენ, აცხადებს, რომ 19 ივნისის ღამეს დიდუბის ტერიტორიაზე თეთრ მიკროავტობუსიდან ის გადმოვიდა. მისი მტკიცებით, პირად საქმეზე ჩამოვიდა და იქვე მდგომმა გუკა ამირხანაშვილმა ტელეფონი სთხოვა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით - უბრალოდ ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, რა, არასწორ დროს. ეგ არის ჩემი კომენტარი. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა... მე არ მივსულვარ, ის მოვიდა ჩემთან და მთხოვა დარეკვა" - თქვა ლურსამანაშვილმა გამოკითხვის შემდეგ და არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რა პირად საქმეზე ჩამოვიდა.

მედიაში გავრცელებული კადრებით, 19 ივნისს, გამთენიისას, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი თეთრი სატვირთო მიკროავტობუსიდან გადმოდის და გიორგი შაქარაშვილის მეგობარს და საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ ხვდება, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს.

ლაშა ლურსმანაშვილი გამოკითხვის შემდეგ და 19 ივნისის ღამეს დიდუბის ტერიტორიაზე აღბეჭდილი კადრი

მანამდე ცნობილი იყო, რომ საქმეში ორი მანქანა ფიგურირებდა – ტოიოტა კამრი და მერსედესი, რომელშიც იჯდა ერთ-ერთი ბრალდებული ნ. ჟ. პროკურატურის ცნობით, სწორედ ის იყო შეირაღებული რკინის ხელკეტით.

კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ლუკ ოილის ბენზინგასამართ სადგურთან გურამ ამირხანაშვილი ტოიოტა კამრიდან გადმოდის, თითქოს ქუჩაზე გადასვლას ცდილობს, შემდეგ კი უკან ბრუნდება. რამდენიმე წუთში ადგილზე მოდის თეთრი მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა კაცი და მიდის იმ მიმართულებით, სადაც დგას ამირხანაშვილი. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ ის ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწროა", რომელიც ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ელაპარაკება და სავარაუდოდ, "ამუშავებს" ამირხანაშვილს ჩვენების მიცემის თაობაზე. 

ქუჩის ავტორიტეტზე, ავთანდილ ბილანიშვილზე, იგივე კაწროზე შსს-ს ამ დრომდე არაფერი უთქვამს. უწყებისგან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "კაწრო" მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოკითხეს.

აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს, 17:19 საათზე, იმ დროს, როცა შსს-ში "კაწროს" გამოკითხვა მიმდინარეობდა, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პირი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმეს, დაღუპულის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს ესაუბრა, სწორედ ქუჩის ავტორიტეტი ავთანდილ ბილანიშვილია. არხის მტკიცებით, სწორედ ბილანიშვილია ის პირი, რომელიც 19 ივნისს, გამთენიისას სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს და რომელიც თეთრი სატვირთო მიკროავტობუსით გადაადგილდება.

ქრონიკის ჟურნალისტმა ჩართვისას რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს იმედის ექსკლუზივია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბილანაშვილი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. თუმცა, მოგვიანებით, 17:31-ზე ქრონიკის წამყვანმა, ნინო თოლორდავამ ინფორმაცია უარყო და განმარტა, რომ ეთერში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავიდა. მისი თქმით, გადაუმოწმებელი იყო ის, რომ ბილანიშვილი იდენტიფიცირებულია.

კომენტარები