რთველი 2020

გახარია: რთველს დავასუბსიდირებთ, მწვანეს და რქაწითელის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ რთველის საკითხზე ილაპარაკა. გახარიას თქმით, მთავრობამ მევენახეებისთვის სპეციალური ანტიკრიზისული გეგმა მოამზადა.

"რთველი გვიახლოვდება, ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი სამიზნე გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რომ ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, ყველას მოგეხსენებათ, როგორ ვითარდებოდა მეღვინეობა - 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც ექსპორტზე გავიდა 94 მილიონი ბოთლი", - თქვა გახარიამ.

გახარიას თქმით, მთავრობა რთველის სუბსიდირებას მოახდენს და რქაწითელისა და კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება.

"შეუძლებელი იყო, ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და არ მოგვემზადებინა ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის, განსაკუთრებით რთველის პირობებში. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები", - განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა, ასევე, თქვა, რომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შესყიდვების პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება.

"ამისთვის შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება. თუ საჭირო იქნება, შესყიდვებში ჩაერთვება სახელმწიფო შესყიდვებიც, თუ ამის უკიდურესი აუცილობლობა დადგა. ყველა შემთხვევაში ქართველმა მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ რქაწითელზე და კახურ მწვანეზე მინიმალური ფასი იქნება 80 თეთრი", - თქვა გახარიამ.

კომენტარები