კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 5 ახალი შემთხვევიდან, 3 შემოტანილია, 2 საკარანტინო სივრციდან, 1-ის წყაროს იძიებენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, დღეს, 10 ივლისს, დადასტურებული კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან, სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ორი საკარანტინო სივრციდან - უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთის ინფექციის წყაროს დადგენა კი კვლავ მიმდინარეობს. 

"გუშინ ჩვენ გვყავდა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა ერთი და გაეწერა, შეგვემატა ორი ახალი, ორივე სატვირთოს მძღოლი. მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. საერთოდ, სტაციონარში დაავადების პროგრესირება არცერთ პაციენტთან არ შეინიშნება. მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია", - ამბობს ეზუგბაია. 

რაც შეეხება 28 ქართველ ჯარისკაცს, რომელთაც ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდათ და სპეციალური რეისით საქართველოში გადმოიყვანეს, ეზუგბაიას თქმით, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"ახლა იმყოფებიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ჩაუტარდათ კვლევები და მათი მდგომარეობა სტაბილურია. გართულებები არ შეიმჩნევა. დავაკვირდებით და დანარჩენ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელები მოგაწოდებენ", - ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, რადგან სამხედრო პირებს ვირუსი სხვა ქვეყანაში დაუდასტურდათ, ეს მაჩვენებელი საქართველოს სტატისტიკაში არ აისახება.

"დაემატება შემოტანილ შემთხვევებს. საქართველოში დადასტურებული 112 პაციენტი მკურნალობს, თუ ამას დავუმატებთ 28-ს, არა ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულს, პრინციპში, გამოდის, რომ 130 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში, ოღონდ, 28 შემოტანილი შემთხვევის ჩათვლით", - ამბობს ეზუგბაია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ადგილობრივი ავღანელი პერსონალია. უწყების ცნობით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაავადება გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 973 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები