აბრეშუმის გზა

ბიზნესრეკეტის ინსტრუმენტი, თუ შესაძლო რუსული ინტერესები – ტელეკომუნიკაციების კანონპროექტი

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვით ადრე კომუნიკაციების კომისიამ ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მას საშუალება ეძლევა ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში შეუზღუდავი უფლებების მქონე სპეციალური მმართველი დანიშნოს.

სანამ სიტყვის თავისუფლების დამცველები იმაზე ვმსჯელობდით, რომ ამ კანონპროექტს, ანალოგიისა თუ კანონის ფართო განმარტების გზით კომისია წინასაარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილი მედიის წინააღმდეგაც გამოიყენებდა, აღმოჩნდა, რომ ეს პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი ყოფილა, კიდევ უფრო დიდი პრობლემა კი რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების შესაძლო გათვალისწინებას უკავშირდება.

"ერთი სარტყელი – ერთი გზის" პრინციპით საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, მუშაობენ პროექტზე, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დააკავშირებს. საქართველოდან ამ მოლაპარაკებებში კაუკასუს ონლაინია ჩართული.

ამ მოლაპარაკებების პარალელურად კაუკასუს ონლაინის გენერალურ მენეჯერს, რეზო კოპალაძეს კომუნიკაციების კომისია იმის გაკეთებას სთხოვს, რაზეც მას გავლენა არ აქვს.

ციფრული "აბრეშუმის გზა"

ოფშორებში რეგისტრირებული NEQSOL HOLDING უმსხვილესი ენერგო- და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის მფლობელობაში შვიდი დიდი კომპანიაა, ჰოლდინგის 100%-იანი მეწილე კი ბიზნესმენი ნასიბ ხასანოვია. ხასანოვს სამხრეთ კავკასიის გავლით უპრეცედენტო პროექტის ინიციატივა აქვს. მას სურს, რომ რეგიონის გავლით ჩინეთი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპასთან შეაერთოს.

ამისთვის ის მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსა და ყაზახეთთან. პროექტის მიხედვით, კაბელი, რომელიც ევროპიდან საქართველოში მოდის, გაივლის აზერბაიჯანს, გაგრძელდება კასპიის ზღვის ფსკერზე და შეუერთდება ინფრასტრუქტურას ყაზახეთში, რითაც ერთმანეთს შანხაი და ფრანკფურტი დაუკავშირდება, ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ნაწილი კი სამხრეთ კავკასია იქნება.

პროექტი რუსულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ახლანდელი მდგომარეობით ჩინეთი ევროპასთან ინტერნეტკავშირისთვის მნიშვნელოვანი მოცულობით იყენებს რუსეთის სახმელეთო ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურას.

გარდა ჩინეთისა, ტრანსკასპიური პროექტი საშუალებას იძლევა, რომ ინტერნეტი შუა აზიასა და ინდოეთშიც გაიყიდოს.

ამ საერთაშორისო დონის პროექტის განსახორციელებლად ნასიბ ხასანოვს კაუკასუს ონლაინი სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ეს ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ყოველგვარი შუამავლის გარეშე, პირდაპირ უკავშირდება ევროპულ ქსელს. კაუკასუს ონლაინი 2008 წლიდან Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1 200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრეა, რის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხდება. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზეა განთავსებული და მისი საშუალებით ევროპიდან აზიისკენ მაღალი ხარისხის ინტერნეტის პირდაპირი მიწოდებაა შესაძლებელი.

სწორედ ამ მიზნით, 2019 წელს ნასიბ ხასანოვმა კაუკასუს ონლაინის მესაკუთრე კომპანიის International Online Networks LLC-ის 49%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა. გარიგება ოფშორში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე შედგა.

რას ედავება კომისია კაუკასუსს?

2019 წლის გაზაფხულზე კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის განახლება მოსთხოვა. ასეთი მონიტორინგი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ხდება.

კაუკასუს ონლაინმა კომისიას დადგენილ ვადებში მიაწოდა ინფორმაცია განახლებული ბენეფიციარების შესახებ, რის შემდეგაც მარეგულირებელმა 2016 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, კაუკასუს ონლაინის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულად კაუკასუს ონლაინი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულია, რომ მარეგულირებელ კომისიას წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარი კომპანიის აქციონერების ცვლილების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ კაუკასუს ონლაინს კომისიისთვის ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებია, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

თავის მხრივ, მხოლოდ შეტყობინების მექანიზმი კომისიას ვერ მისცემს საშუალებას გააკონტროლოს საქართველოს იურისდიქციის მიღმა განხორციელებული გარიგებები.

კანონში ამ ბუნდოვანი ჩანაწერის ფონზე, მარეგულირებელი კოპალაძისგან მოითხოვდა, უკან დაებრუნებინა ის შეთანხმება, რაც ოფშორებში შედგა ხვიჩა მაქაცარიასა და ნასიბ ხასანოვს შორის. რევაზ კოპალაძეს ამ შეთანხმებაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მარტივად რომ ვთქვათ, შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ, აიძულონ მფლობელი კომპანიის მესაკუთრეეები, უკან დააბრუნონ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნასიბოვმა წილი მიიღო, მაქაცარიამ კი – თანხა.

შესაბამისად, კაუკასუს ონლაინმა სასამართლოს სარჩელით მიმართა, გაეუქმებინა კომისიის გადაწყვეტილება. სასამართლოს საკითხზე ამ დრომდე არ უმსჯელია.

ამის პარალელურად, კაუკასუს ონლაინმა კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმა დადგენილ ვადებში გადაიხადა. დაკისრებული ჯარიმა იყო 800 000 ლარი, საიდანაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი კომპანიამ უკვე გადაიხადა, ხოლო 270 000 ლარის გადახდის დრო ჯერ კიდევ არ ამოწურულა.

როგორც რევაზ კოპალაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, მთელი ამ ერთწლიანი დავის განმავლობაში, ის არაერთხელ ეცადა, რომ საერთო ენა გამოენახა კომისიასთან.

"კომისიისთვის წინასწარ შეტყობინება თვითმიზანი არ არის. ეს ხდება იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიამ პრევენციული ზომა მიიღოს და, უბრალოდ, შეისწავლოს, რა გავლენას მოახდენს ბაზარზე ეს გარიგება, მაგალითად, ხომ არ დგება უსაფრთხოების საკითხი და ა.შ. ამ კვლევის მიხედვით, კომისიამ ან უნდა დაამტკიცოს ეს გარიგება, ან – არა.

ჩვენ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ კარგი, მოხდა ის, რაც მოხდა. რაღაც ფორმალური მოთხოვნაა, არ შესრულდა, მაგრამ ხომ იცით, რომ ამას ვერ დავატრიალებთ უკან. ჩვენ რაც შეგვიძლია, ისაა, რომ ყველანაირად შეგიწყოთ ხელი და მხარი დაგიჭიროთ, რომ ჩაატაროთ ეს კვლევა, მოგაწოდებთ ყველა დოკუმენტს. ორჯერ მაქვს ასეთი წერილი მიწერილი.

ასეთ კვლევას სჭირდება 2-3 თვე. ამ ერთი წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ შეძლებდა კომისია ამ კვლევის ჩატარებას და ან დადასტურებას, ან კიდევ უარყოფას და თქმას, რომ, მეგობრებო, მე მაქვს საბუთი, რომლის მიხედვითაც, ეს გარიგება არ შეიძლებოდა, მომხდარიყო. ამით მოწინააღმდეგეს დაასუსტებდა, რადგან მოწინააღმდეგე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლას გეგმავს და კომისიას ასეთი არგუმენტი იქ გამოადგებოდა". – ყვება კოპალაძე.

ამ დავის კულმინაცია 25 ივნისს იყო. როგორც წესი, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, მარეგულირებელი კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იწყებს მსჯელობას. 25 ივნისის სხდომის მონაცემებით, კაუკასუს ონლაინი უკვე სამჯერ დაჯარიმებული და ერთხელ გაფრთხილებული იყო, შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა, ეს არ გააკეთეს, ვინაიდან კაუკასუს ონლაინი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

საქართველოს მობილური და ფიქსირებული ბაზრის 2/3 ამ კომპანიით სარგებლობს, ისევე, როგორც სომხეთის თითქმის 100% და აზერბაიჯანის 60%. კაუკასუს ონლაინი გადამყიდველების საშუალებით ასევე ოპერირებს ახლო აღმოსავლეთშიც. კომპანია ფლობს .Ge დომეინსაც, შესაბამისად, მისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, მითუმეტეს სადავო ნორმის საფუძველზე, კომისიას არ შეეძლო.

აქედან რამდენიმე დღეში კი ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.

საკანონმდებლო ინიციატივა

6 ივლისს კომუნიკაციების კომისიამ პარლამენტში დაარეგისტრირა პაკეტი, რომელიც ერთდროულად მოიცავდა ცვლილებებს, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების, ისე მაუწყებლის შესახებ კანონებში. კომისია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვდა.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელს ეძლევა უფლებამოსილება, რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიაში ორ წლამდე ვადით სპეციალური მმართველი დანიშნოს. ამავე კანონპროექტის მიხედვით, კომპანიის მიერ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, კომისიის გადაწვეტილების აღსრულება ავტომატურად აღარ შეჩერდება, სპეციალურ მმართველს კი ეძლევა განუსაზღვრელი ძალაუფლება, მათ შორის, კომპანიის წილების გაყიდვის შესაძლებლობაც.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტს წარმოადგენდა და განმარტებით ბარათში ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლის შესახებ კანონებში ცვლილებები ერთმანეთს იყო გადაბმული, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობდნენ, რომ კანონის ფართო განმარტებისა თუ ანალოგიის გზით კომისია შეძლებდა, წინასაარჩევნოდ დროებითი მმართველი ოპოზიციურად განწყობილ მაუწყებლებშიც შეეყვანა.

შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ფოკუსი სწორედ აქეთ იყო მიმართული. პარალელურად კი, გაირკვა, რომ სინამდვილეში ყველაფერი კაუკაუს ონლაინს უკავშირდებოდა, ვინაიდან, კომისიამ მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი უკან გაიწვია. 

10 ივლისს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე კომისიის წარმომადგენლებსა და ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ამ შეხვედრაზე კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობისადმი კრიტიკით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ. მათ შორის არიან მაგთის უმსხვილესი აქციონერი გია ჯოხთაბერიძე, სილქნეტის მფლობელი გიორგი რამიშვილი და სამთავრობო მედიის, ტელეკომპანია იმედის 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე. ამ უკანასკნელმა ინიციატივას პირდაპირ უწოდა "სიგიჟე" და "კრეტინიზმი".

ამ შეხვედრიდან ისიც გავიგეთ, რომ 1 ივლისს კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის კახა ბექაურის მოადგილე ვატო აბაშიძე, კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც გია ჯოხთაბერიძე ყვება, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა კომპანიებს უთხრეს, რომ კანონპროექტი მთავრობისგან მოდიოდა და თავად "აზრზე არ იყვნენ, შიგნით რა წერია".

ამ ისტორიის ნამდვილობა ჩვენთან რევაზ კოპალაძემაც დაადასტურა, რომელიც ასევე იყო შეხვედრის მონაწილე. კოპალაძე ამბობს, რომ ბიზნესმენების კრიტიკის შემდეგ, ვატო აბაშიძე ცდილობდა, რომ კანონპროექტზე პასუხისმგებლობა მოეხსნა და ამბობდა, რომ კომისია არაფერ შუაში იყო.

რუსული ინტერესები

ამ კანონპროექტს თავისთავად ძალიან ბევრი მიმართულებით აქვს პრობლემა. მათ შორის, ის საკუთრების კონსტიტუციით დაცულ უფლებაში უხეშად ერევა და პირდაპირ რომ ვთქვათ, ბიზნესის "რეკეტის" საშუალებას ქმნის.

თუმცა, კიდევ ერთი და მთავარი პრობლემა კანონპროექტის უკან შესაძლო რუსული ინტერესების არსებობაა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური კომისიის სადისკუსიო ბარათის მიხედვით, ისტორიულად ევროპასა და აღმოსავლეთ აზიას შორის სახმელეთო ტელეკომუნიკაციები გადიოდა ორ ტრანსრუსულ ქსელზე, რომელსაც ოპერირებას უწევენ რუსული კომპანიები Rostelecom და TTK (Trans TeleCom). მათი ქსელები დაკავშირებულია ჩინურ გადამზიდავებთან და უზრუნველყოფენ ჩინურ და ევროპულ ქალაქებს შორის პირდაპირ სატელეკომუნიკაციო კავშირს. TTK-ს სახმელეთო მარშრუტს ევრაზიის გზატკეცილს ეძახიან, ხოლო Rostelecom-ის სახმელეთო სისტემას კი - ევროპა-აზია ტრანზიტის (TEA) ქსელს. Rostelecom-სა და China Telecom-ს ასევე დაკავშირებული აქვთ საკუთარი ქსელები ყაზახეთისა და მონღოლეთის გავლით.

რუსული კომპანია TTK რუსეთის ყველაზე დიდ ფიბრო-ოპტიკურ ქსელს ამუშავებს, რომელიც ჩაშენებულია სარკინიგზო ხაზებზე და გადაჭიმულია 75 000 კილომეტრზე, დაწყებული რუსეთის დასავლური ანკლავიდან კალინინგრადში, გაგრძელებული კუნძულ სახალინამდე და დამთავრებული ჩრდილოეთ წყნარ ოკეანემდე.

სიდიდით მეორე ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანიას China UniCom-საც ასევე აქვს ბევრი სახმელეთო, საკაბელო სისტემა, რომელიც ევროპას უკავშირდება, მათ შორის არის სისტემები TEA, TEA-2 და ERA, რომელიც რუსეთს ჩინეთ-რუსეთის საზღვარზე ფუიანში უკავშირდება.

2009 წლის 21 დეკემბერს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 64/186, სახელწოდებით "ტრანსევრაზიის საინფორმაციო სუპერგზატკეცილის მეშვეობით კავშირის აშენება". ამ რეზოლუციაში აღიარებენ საჭიროებას, რომ აშენდეს უფრო დიდი რეგიონალური დამაკავშირებლები. რეზოლუციით შემოთავაზებულ ძირითად ინფრასტრუქტურას ევროპასა და აზიაში განლაგებული მთავარი საინფორმაციო გაცვლის ცენტრები უნდა გაევლო.

ძირითად სატრანზიტო გზად ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და გერმანიის მონაცემთა გაცვლის ცენტრები აირჩიეს. რუსეთზე, უკრაინასა და პოლონეთზე გამავალი ხაზი კი მხოლოდ სარეზერვო ხაზად მიიჩნიეს.

სწორედ ამიტომ, რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს ეწინააღმდეგება ის ტრანსკასპიური პროექტი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და რომლის საშუალებითაც ჩინეთი სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დაუკავშირდება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დიდი რუსული გიგანტი კომპანიების ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რადგან ისინი აღარ იქნებიან ჩინეთის ევროპასთან დამაკავშირებელი მთავარი სახმელეთო რგოლები.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთს ძალიან არ უნდა, რომ ეს ტრანსკასპიური პროექტი განხორციელდეს. მისივე შეფასებით, ეს რუსეთისთვის დაახლოებით იმ მნიშვნელობის საკითხია, როგორიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი.

"საქმე ისაა, რომ რუსეთი მილსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს ჯერ კიდევ აჩერებს, მაგრამ კასპიის ზღვაში კაბელის ჩადების შეჩერებას უკვე ვეღარ შეძლებს. ამიტომ ამ პროექტის განხორციელებას ხელს არაფერი უშლის, გარდა იმისა, რომ კაუკასუს ონლაინი უნდა მონაწილეობდეს მასში, ისევე, როგორც ყაზახები და აზერბაიჯანელები. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩინეთს და ევროპას მონაცემების მიმოცვლის თვალსაზრისით დააკავშირებს და ეს რუსეთს არ აწყობს". – ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

ეკონომიკური მიმომხილველისთვის სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ ამ კანონპროექტის წარმდგენი სწორედ ვატო აბაშიძეა, რომელიც კარასინთან მოლაპარაკებების ფორმატში საქართველოს სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ძმაა.

ბუნებრივია, კაუკასუს ონლაინში სპეციალური დროებითი მმართველის დანიშვნა, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია მისი წილების გაყიდვა, კომპანიას დაასუსტებს და, შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის, როგორიც ტრანსკასპიური პროექტია, პარტნიორების თვალში არასტაბილურ მოთამაშედ აქცევს. კაუკასუს ონლაინი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ამ პროექტში ჩართვა შეუძლია. 

ცხადია, დადასტურებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა რუსეთის ინტერესებს ატარებს, მაგრამ წინა შემთხვევები, როგორიც იყო, მაგალითად, ანაკლიის პორტი და პარალელურად TBC ბანკის დამფუძნებლებისთვის 11 წლის წინანდელი საქმის გაცოცხლება, ასეთი ეჭვის საფუძველს ნამდვილად იძლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიშზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედაა მოხსენიებული.

კომენტარები