აია-სოფია

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო: აია-სოფიას გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ

აია-სოფია
shutterstock

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს ოფიციალურ წერილში მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს.

"აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ". – ნათქვამია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ოფიციალურ წერილში, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაეგზავნა.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო 1948 წელს ამსტერდამში დაარსებული ქრისტიანული გაერთიანებაა, რომლის წევრიც 350-მდე ქრისტიანული ეკლესია და 500 მილიონზე მეტი ქრისტიანია მსოფლიოს 110 ქვეყნიდან.

10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას საკითხზე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1934 წელს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთების გადაწყვეტილება გაუქმებულია. შესაბამისად, ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება, აია-სოფია კვლავ მეჩეთად გადაკეთდეს.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას ემხრობოდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მმართველი პარტია.

10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პირველ ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთს მოუწოდა, დატოვოს აია-სოფია მუზეუმად. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.

აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავ ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

აია-სოფიას ისტორიისა და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში – წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები