კობა კობალაძე

დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი წარუდგინეს

ინტერპრესნიუსი

ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს ბრალი წარუდგინეს. შსს-ს ცნობით, 2000 წელს დაბადებული გ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

როგორც კობალაძის ადვოკატი, ირაკლი გაბრიჭიძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რატომ არის კობალაძე დაკავებული. მისი თქმით, იმ მტკიცებულებებით, რომელიც მას გადაეცა, ეს ადამიანი დაკავებული არ უნდა იყოს. 

"დავით კობალაძეს ამ ეტაპისათვის ბრალი წარედგინა. იგი დაკავებულია და ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის, ძალიან გასაკვირია, რატომ არის დაკავებული. იგი თვითონვე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით და დაკავების ერთერთ საფუძვლად მითითებულია, რომ ის შეიძლება მიიმალოს. მე მიმაჩნია, რომ ამ მტკიცებულებით, რომელიც მე გადმომეცა და იმ ბრალდებით, რაც მას აქვს წარდგენილი, ეს ადამიანი დაკავებული არ უნდა იყოს". – ამბობს გაბრიჭიძე TV პირველთან.

შემთხვევა, რომლის გამოც ქართული ოცნების დეპუტატის შვილი დააკავეს, 24 ივნისს მოხდა. 

10 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა ანონსი, რომლის მიხედვით, შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო. კობალაძის შვილი პოლიციას 11 ივლისს ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ". 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ. ჟ. და 2000 წელს დაბადებული გ. კ. 2000 წელს დაბადებული დ. კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა. 

გ. კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ. ჟ.-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

"საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები