დავით ცინარიძე

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული დავით ცინარიძე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

დავით ცინარიძე
შსს

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ცინარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკამაყოფილა და ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუცვალა.

"სასამართლომ გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ არ იყო ბატონი დავითის მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა ... პერსპექტივა, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი, არ არსებობს". – ამბობს ცინარიძის ადვოკატი, კახა ხვისტანი მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

გამოძიება საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, დავით ცინარიძეს, ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამმა ცინარიძემ ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით  დაემუქრა,  რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ გაისროლა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2020 წლის 30 აპრილს შეუფარდა.

კომენტარები