გიორგი შაქარაშვილის საქმე

ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე". – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს.

"არ ვიცოდი, რომ ამდენი გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ, რომ გადავიქცე გამომძიებლად. სხვათა შორის, პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და, ალბათ, უფრო ჩქარა წავიდოდა წინ ეს საქმე. 

ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული და, მე მგონი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენ ღირებულებებს. კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა ვიცი მე  – ეს არის აღიარება და კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა, ეს არის მონანიება". – ამბობს ზურაბიშვილი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

ექსპერტიზის მიზედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები