კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

პარლამენტმა კანონპროექტი სპეციალური მმართველის შესახებ I მოსმენით მიიღო

81 მომხრე, 0 წინააღმდეგი – პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ და ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას მისცემს.

კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია.

კანონპროექტი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს, გულისხმობს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეეძლება, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მმართველი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი, კერძოდ:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

რა ინტერესები დგას ამ ინიციატივის მიღმა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები