ბრისტოლის მერიამ Black Lives Matter-ის დემონსტრანტის ქანდაკება აიღო [ვიდეო]

PA

ბრისტოლის მერიის გადაწყვეტილებით, ანტირასისტული აქციების მონაწილე ქალის ქანდაკება პიედესტალიდან ჩამოხსნეს. ქანდაკება, რომლითაც მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ძეგლი ჩაანაცვლეს, აღმართვიდან 24 საათში ჩამოხსნეს.

ბრისტოლის მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ქანდაკებას მუზეუმში შეინახავენ. მოქანდაკეს ნებისმიერ დროს შეუძლია ის წაიღოს ან მუზეუმს აჩუქოს. 

ქანდაკება მარკ ქუინს ეკუთვნის. ქუინის გუნდმა ის ოთხშაბათს, 15 ივლისს, დილის 5 საათამდე, ბრისტოლის მერიასთან შეუთანხმებლად აღმართა.

ხელოვანის ინსპირაცია გახდა დემონსტრანტი ჯენ რიდი. ანტირასისტული აქციიდან გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ დგას მარჯვენახელაწეული რიდი კოლსტონის ქანდაკების ცარიელ პიედესტალზე.

აქციის შემდეგ, რომლის დროსაც დემონსტრანტებმა ედვარდ კოლსტონის ქანდაკება პედესტალიდან ჩამოაგდეს, ბრისტოლის მერმა, მარვინ რისმა განაცხადა, რომ ცარიელი პედესტალის ბედი კონსულტაციების შემდეგ დემოკრატიულად გადაწყდებოდა.

მონებით მოვაჭრე ედვარდ კოლსტონის ქანდაკების ჩამოსაგდებად მომიტინგეებმა თოკები გამოიყენეს. ქალაქში მე-17 საუკუნის გამოჩენილი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ქანდაკება მრავალი წლის განმავლობაში იდგა.

კოლსტონმა აფრიკიდან ამერიკაში 80 000 ადამიანი – კაცი, ქალი და ბავშვი გაყიდა.

თუმცა, ის მხოლოდ მონებით მოვაჭრე არ ყოფილა - იყო ვაჭარი, ფილანთროპი და პარლამენტის წევრი. აშენებდა სკოლებს, თავშესაფრებს, საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბრისტოლში, ლონდონსა და სხვა ქალაქებში.

კოლსტონი 1721 წელს დაიღუპა, თავისი ქონება კი ქველმოქმედებას უანდერძა. მისი მემკვიდრეობა ბრისტოლის ქუჩებში, შენობებსა და მემორიალურ დაფებზეა ასახული. დღემდე ფუნქციონირებს მის მიერ დაფუძნებული რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი. კოლსტონმა სიმდიდრე ძირითადად მონებით ვაჭრობით დააგროვა.

 

კომენტარები