ტურიზმი

Lufthansa თბილისი-მიუნხენის რეისებს აგვისტოდან ყოველ ორშაბათს და პარასკევს შეასრულებს

lufthansa

მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Lufthansa-სთან ტექნიკური მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.

ავიარეისები შესრულდება Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით კვირაში ორჯერ, შემდეგი განრიგით:

• მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთ ქვეყანას უხსნის საზღვარს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

მთავრობა საქართველოში რეგულარული ფრენების შესრულების უფლებას აგვისტოდან აძლევს მხოლოდ სამ ავიაკომპანიას - Lufthansa-ს (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Airfrance-ს (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (თბილისი-რიგა, კვირაში ერთხელ). ასევე, შესრულდება აირზენას კომერციული რეისები. ამ ეტაპზე ფრენებს ვერ იწყებენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Wizz Air და Ryanair, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ავიაკომპანიების და რეისების შეზღუდული რაოდენობა მაღალბიუჯეტიანი კომპანიების ავიაბილეთების ისედაც მაღალ ფასს კიდევ უფრო გააძვირებს.

ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საჰაერო სივრცის გახსნისა და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნის მოწოდებით აქცია მთავრობის კანცელარიასთან რამდენჯერმე გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მთავრობა საზღვრებს არ გახსნის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლების გარდა, კიდევ მრავალი სექტორი დარჩება უმუშევრად.

უფრო ვრცლად ტურისტულ სექტორში შექმნილ პრობლემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები