ოკუპირებული ცხინვალი

სპეცოპერაცია ღამურებით – ოკუპირებული ცხინვალის სამეცნიერო ფანტასტიკა გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: flickr

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის განცხადების შემდეგ, მარიონეტი საგარეო უწყება 3 ივლისს დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც დე-ფაქტო უწყება წერს, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ხვიჩა მღებრიშვილის მიერ "ღამურების შეგროვება ბიოლოგიური მასალის მოსაპოვებლად დაგეგმილი სპეცოპერაციაა". 

"როგორც ცნობილია, სამხრეთოსური ღამურების მიმართ გაძლიერებულ ინტერესს ავლენს 2012 წლიდან ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი. ამ ამერიკული საომარ-ბიოლოგიური ობიექტის გახსნის პირველი დღეებიდანვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისა და სახიფათო ვირუსების შტამების შემუშავების შესახებ. ასევე საზოგადოდ ცნობილია, რომ Covid-19-ის პანდემიის დაწყების ყველაზე დამაჯერებელ ვერსიად საერთაშორისო ექსპერტები ღამურებს განიხილავენ". – წერს ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმი. 

იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს მოქალაქე ლუგარის ლაბორატორიის დაკვეთით ცხინვალის რეგიონში ღამურებს აგროვებდა, დე-ფაქტო რეჟიმს მოჰყავს საქართველოსადმი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს საელჩოს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების განცხადებები. 

ეს ყველაფერი არ არის. დე-ფაქტო რეჟიმს ისიც საეჭვოდ ეჩვენება, რომ რუსეთის მიერ მართული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების საგანია. 

"უკვე ტრადიციად იქცა საქართველოს მიერ "რუსული საფრთხის" შესახებ მითის გავრცელება, რათა ყურადღება მიიპყროს და თავი "ძლიერი მეზობლის" მსხვერპლად გამოაცხადოს თავისი დასავლელი მოკავშირეების თვალში, რომლებიც, თავის მხრივ, ამას იყენებენ იმისთვის, რომ შექმნან სასაზღვრო პროვოკაციები მართვადი დაძაბულობის მხარდასაჭერად". – წერია განცხადებაში. 

საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალებმა 3 ივლისს გაიტაცეს, 16 ივლისს კი დე-ფაქტო რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მღებრიშვილმა საოკუპაციო ხაზი იმიტომ გადაკვეთა, რომ იქაური ყურწვეტა მღამიობი დაეჭირა. მათივე ღრმა რწმენით, ეს ღამურები ლუგარის ლაბორატორიას კვლევისთვის სჭირდება. 

რუსეთმა ჰიბრიდული თუ სხვა სახის ომი ლუგარის კვლევით ცენტრს ჯერ კიდევ მაშინ გამოუცხადა, როდესაც ლაბორატორიის მშენებლობაც კი არ იყო დასრულებული. მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდის მანქანა სხვადასხვა გზით, იქნებოდა ეს კრემლის მედია თუ თავად რუსი მაღალჩინოსნების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის საჯარო განცხადებები, არაერთ ტყუილს ავრცელებდა ლაბორატორიის შესახებ.

რუსეთი საქართველოსგან მოითხოვს, ჰქონდეს ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტის და ყველა შენობასა და დოკუმენტზე წვდომის უფლება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 28 მაისს გამოაქვეყნა. რუსეთი აცხადებს, რომ, შესაძლოა, საქართველოში "ამერიკული საომარი და ბიოლოგიური მოქმედებები მიმდინარეობდეს".

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები