ლუკა სირაძის საქმე

მეუფე ნიკოლოზი მარიანა ჩოლოიანზე: ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა სწორად არ მიმაჩნია

რუსთავი2

"ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხვა არ მიმაჩნია სწორად", - ამბობს კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელზე, მარიანა ჩოლოიანზე.   

"მარიანა ჩოლოიანმა რაც არ უნდა თქვას, ეს მხარეა. ამ შემთხვევაში, ეს არის ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული. მე ვფიქრობ, რომ მე კი არ უნდა მოვუსმინო ბრალდებულს, გამოძიებამ უნდა მოუსმინოს. როდესაც გავიგე, ეს ადამიანი მოვინახულე და გამოვკითხე. რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი", - ამბობს ფაჩუაშვილი.  

ფაჩუაშვილი ასევე ამბობს, რომ ლუკა სირაძეს, შესაძლოა, თავი არ მოუკლავს და ამ მიზეზით მისთვის ლოცვას აგრძელებენ. 

15 წლის ლუკა სირაძე კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმიდან ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. 

კომენტარები