ქართული ოცნება

ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მოენატრათ საგამოძიებო ორგანოებში სიარული

ტაბულა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას წინასაარჩევნო პერიოდშიც აგრძელებს, პარტიების მხრიდან თვითაქტუალიზაციის მცდელობაა. 

"მოენატრათ საგამოძიებო ორგანოებში სიარული. როგორც ჩანს, მათ იციან და ძალიან კარგად აცნობიერებენ, რა ქმედებებიც აქვთ ჩადენილი და წინმსწრებად ახდენენ ამის გადაზღვევას, რომ ეს პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ". – ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

დეპუტატის თქმით, ამ ოპოზიციურ პარტიებს არაფერი აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და ამიტომ ასეთ განცხადებებს ავრცელებენ. 

"ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება თვითაქტუალიზაციის მცდელობაა". – ამბობს ქართული ოცნების წევრი. 

18 ივლისს ლეიბორისტული პარტიის მაგიდის ირგვლივ შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის "საქმე გააცოცხლოს". 

"ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას. ეს მეთოდები მას ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს, მაგრამ ქვეყანას რისკებს უზრდის და ზიანს აყენებს. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა კი 2020 წლის არჩევნების დასრულებისა და ივანიშვილის ძალაუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორების შემდეგ ამგვარი პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებაა". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები