საქართველო-აზერბაიჯანი

Haqqin: სომხეთს ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები სერბეთმა საქართველოს დახმარებით მიაწოდა

აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა Haqqin აცხადებს, რომ "საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც, თავის მხრივ, სომხეთს, ტოვუზის დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები მიაწოდა".

გამოცემამ სარედაქციო წერილი 19 ივლისს გამოაქვეყნა.

პროსახელისუფლო მედია ჰაქინი წერს, რომ როგორც მისთვის სამხედრო წყაროებიდან გახდა ცნობილი, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც, საბრძოლო მოქმედებების დროს, სერბეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, სხვადასხვა კალიბრის ნაღმტყორცნების დიდი პარტია ჩაიტანეს.

სამთავრობო გამოცემა ხაზს უსვამს იმასაც, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე დღეებში სომხეთში, უკვე რუსეთიდან, მაგრამ ისევ საქართველოს გავლით შევიდა კამაზის მარკის მანქანები, რომლებიც გრად-ის დანადგარებით და ნაღმმტყორცნი საბრძოლო მასალებით იყო დატვირთული.

აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემის სარედაქციო წერილში მითითებულია, რომ ამან "აზერბაიჯანული მხარის სერიოზული შეშფოთება და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია".

ჰაქინი საუბრობს ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელიც აზერბაიჯანმა სერბეთს კორონავირუსთან ბრძოლისთვის მიაწოდა, ამასთან, მიუთითებს, რომ ის არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ადასტურებს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას, საპასუხოდ კი ის "აზერბაიჯანის მტერს იარაღს აწვდის".

"ეჭვგარეშეა, რომ ოფიციალური ბაქო დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით ბელგრადისგან მოითხოვს განმარტებას მეგობარ ქვეყანასთან მსგავსი ქმედების შესახებ. და აზერბაიჯანს აქვს ამის საფუძველი, უდავო მტკიცებულებები, რომლებიც საბრძოლო მასალის შეძენას და მიწოდებას მოწმობს". - წერს გამოცემა.

აზერბაიჯანის სახელისუფლებო მედიის სარედაქციო წერილში კიდევ უფრო მეტი აღშფოთება "სტრატეგიული პარტნიორის, მეზობლის", საქართველოს ქმედებების გამოა გამოთქმული.

"განა რამდენიმე წლის წინ ოფიციალურმა თბილისმა არ აკრძალა სომხეთისთვის საბრძოლო ტვირთების სატრანზიტო მიმოსვლა? რა გახდა სერბეთისთვის გამონაკლისის დაშვების მიზეზი? თუ თბილისში არ ესმოდათ, რა მიმართულებით გაფრინდებოდნენ სომხეთიდან ეს ნაღმმტყორცნები? და ჯდება ეს ყოველივე გრძელვადიანი პარტნიორული, აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ჩარჩოებში?".- ნათქვამია წერილში.

გამოცემა იმ დახმარებაზე საუბრობს, რომელიც აზერბაიჯანმა საქართველოს სხვადასხვა დროს აღმოუჩინა და ხაზს უსვამს, რომ ახლა, საქართველოსგან, სანაცვლოდ პროვოკაციებს და ინვესტორებზე ზეწოლას იღებს.

"ყველაზე რთულ დღეებში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აზერბაიჯანმა, საგარეო პოლიტიკური რისკების მიუხედავად, საქართველოს დახმარება გაუწია. საკმარისია გავიხსენოთ, რომ როდესაც, საქართველოში ელექტროენერგიის და გაზსადენის ხაზების დივერსიის შედეგად, მისი მოსახლეობა ზამთარში ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, აზერბაიჯანმა საკუთარი მოსახლეობას შეუმცირა გაზის მოცულობა და მეზობელს გაუგზავნა.

დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთი, როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას აძლევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. დაე, ახსოვდეთ თბილისში, რომ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერებს.

რას ვაკეთებთ საქართველოსთვის ჩვენ და როგორ იქცევა საქართველოსთან სომხეთი. რას იღებენ საქართველოდან ჩვენი მოწინააღმდეგეები? - ჭურვებს და ნაღმტყორცნებს, რომლებიც ხოცავს ჩვენს ჯარისკაცებს. მაგრამ საქართველოდან ასევე ვიღებთ უწყვეტ პროვოკაციებს კეშიკიჩი-დაღში (დავით გარეჯის მონასტერი), მეორე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ნარიმან ნარიმანოვის კრიტიკას, მისი ძეგლის დემონტაჟის მუდმივი მოწოდებების და, საბოლოოდ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული მედიებში, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.

და ეს ჯერაც არ არის ყველაფერი . ვინაიდან მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ, ბოლო წლებში აზერბაიჯანი გახდა მეზობელი ქვეყნის მთავარი მსხვილი ინვესტორი, რომელმაც კოლოსალური თანხა დააბანდა. მეტიც, ბაქომ ყველაფერი გააკეთა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად და გასაღრმავებლად.

რას ვიღებთ სანაცვლოდ? ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენებით, საქართველოდან ინვესტორების გაძევების დაუსრულებელ და მზაკვრულ მცდელობებს. ყველაზე არაკეთილსინდისერი - ეს ზეწოლაა, რომელიც აზერბაიჯანელ ინვესტორებზე განხორციელდა, რომლებმაც ინვესტიციები ენერგეტიკს სფეროში განახორციელეს. საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს, შეაფერხოს ჩვენი ინვესტორების ბიზნესი, რაც, ფაქტობრივად, რეიდის სახეს ატარებს".- წერს აზერბაიჯანული სახელისუფლებო გამოცემა და აღნიშნავს, რომ დაელოდება, როდის მოსთხოვს ბაქო თბილისს, დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით, განმარტებებს სომხეთისთვის საბრძოლო მასალების და აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით".- ვკითხულობთ აზერბაიჯანის სამთავრობო მედიის სარედაქციო წერილში.

Haqqin აზერბაიჯანის სამთავრობო მედიაა. მას მკითხველები აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიციის გასაგებად ეცნობიან.

გამოცემის დამფუძნებელი, ევნულა ფატულაევი 4 წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. ფატულაევი, რომელიც მანამდე მედიის თავისუფლებისთვის იბრძოდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2007 წელს, ტერორიზმის და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. 2011 წელს ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო დატოვა.

ფატულაევი პროსახელისუფლებო ჟურნალისტად იქცა. Amnesty International-მა, რომელიც წინა წლებში მის უფლებებს იცავდა, ფატულაევთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

რაც შეეხება შეიარაღებულ დაპირისპირებას სოხმეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - ის 12 ივლისს, ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა. აზერბაიჯანის მხარეს დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი და ერთი პოლკოვნიკი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპნენ ერთი მაიორი და ერთი კაპიტანი.

რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები