ქართული მარში

ბრეგაძე: გიგა ბოკერია და მამუკა ხაზარაძე სეპარატისტულ ტენდენციებს აღვივებენ

ქართული მარში

ნეოფაშისტური, პროპუტინური დაჯგუფების და ახლა უკვე პარტიის ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ევროპული საქართველოსა და ლელოს ლიდერებს, გიგა ბოკერიასა და მამუკა ხაზარაძეს სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში ადანაშაულებს. 

ამის შესახებ ბრეგაძემ პორტალის "კვირა" პრესკლუბში ისაუბრა. ბრეგაძემ საუბარი იმით დაიწყო, რომ გასულ კვირას, მისი პარტია არ მონაწილეობდა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მას ცილი დასწამეს. 

"მამუკა ხაზარაძე ჩართულია ძალიან ბინძურ და სახიფათო პროცესებში, რომელიც არის არამარტო მარნეულის რაიონში, არამედ ეს პროცესები გარკვეულ სათავეს იღებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ანუ იმ რეგიონებშიც, სადაც არის დასახლებული ძირითადად არაქართული მოსახლეობა. პირდაპირ მე ბრალს ვდებ მამუკა ხაზარაძეს სეპარატისტული ტენდენციების და სეპარატისტული ჯგუფების დაფინანსებაში, შექმნის მცდელობაში და სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებაში. დიახ მამუკა ხაზარაძე სეპარატისტულ ჯგუფებთან კავშირში არის, როგორც გიგა ბოკერია". – თქვა ბრეგაძემ. 

პროპუტინურმა პოლიტიკოსმა ისიც თქვა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში "ვინმე იმამკულიევის ბანდა დაძრწის" და მისი განმარტებით, ეს "ბანდა" საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. 

სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძე მარნეულში ევროპული საქართველოს ლიდერ აჰმედ იმამკულიევს გულისხმობს, თუმცა, გაუგებარია, რატომ უკავშირებს მას პარტია ლელოს. ბრეგაძე საგამოძიებო სტრუქტურებს სთხოვს, რომ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყონ და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ის და მისი პარტიის წევრები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ. 

"ეს ადამიანები [მამუკა ხაზარაძე და გიგა ბოკერია] არიან ყველა ქართული საქმის წამოწყების მოწინააღმდეგეები და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებში. რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლების გარკვეულ უნიათობასთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის მამუკა ხაზარაძეს და გიგა ბოკერიას". – თქვა სანდრო ბრეგაძემ. 

ნეოფაშისტმა ლიდერმა იქვე დააანონსა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხს "მეტი სიმწვავით" წამოწევენ წინ. 

გიგა ბოკერიასა და მამუკა ხაზარაძის მიერ სეპარატისტული ტენდენციების გაღვივების ამსახველ "ფაქტებს" სანდრო ბრეგაძე "მოგვიანებით" შემოგვთავაზებს.

კომენტარები