სუს-ი მთავარი არხის სიუჟეტზე

სუს: რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები მთავარმა არხმა განზრახ დაამახინჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2020 წლის 20 ივნისს ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომელიც მარნეულში COVID 19-ის სტატუსის გაყალბების ფაქტებს შეეხებოდა, განცხადებას ავრცელებს. გამოძიება საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული. უწყების ინფორმაციით, მთავარმა არხმა გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი საბოტაჟის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა "შაბათის მთავარში" გავიდა განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აუწყებდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, პანდემიის დროს, სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილი პირების ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიაგნოზის გაყალბების და გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ.

გამოძიების პროცესში, გამოიკითხა ტელეკომპანია "მთავარი არხის" "შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი. რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული.

2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ, ტელეკომპანია მთავარი არხისგან 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე, გადაცემა "შაბათის მთავარ"-ში გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“-ი, ასევე 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული, დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მთავარი არხის მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეო მასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი". – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

სუს-მა COVID 19-ის სტატუსის გაყალბებაზე მთავარი არხის სიუჟეტის ავტორებისა და რესპონდენტების გამოკითხვა ივნისის თვეში დაიწყო. უწყების მტკიცებით, არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები "შეგნებულად არასწორად თარგმნა" და "ფაქტები დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა".

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საქართველოს დასუსტების მიზნით, სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები