ეგვიპტე-ლიბია

ეგვიპტის პარლამენტმა ლიბიაში შესაძლო ინტერვენციას მხარი დაუჭირა

AFP

ეგვიპტის პარლამენტმა ერთხმად მხარი დაუჭირა "დასავლეთ ფრონტზე უცხოური ტერორისტული ჯგუფების და კრიმინალური სამხედრო დაჯგუფებების" წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას. მათი გადაწყვეტილებით შესაძლებელი იქნება ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ნაწილების გამოყენება საბრძოლო მისიებში, ეგვიპტის საზღვრებს გარეთ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ გაფრთხილება გაავრცელა, რომ ეგვიპტე უმოქმედოდ არ იქნება და შესაძლოა ლიბიაში ინტერვენცია მოახდინოს. სისიმ ლიბიის ქალაქ სურთს "წითელი ხაზი" უწოდა და ლიბიის კონფლიქტში ჩართული მხარეები გააფრთხილა, რომ ქალაქზე თავდასხმის შემთხვევაში ეგვიპტე სამხედრო ინტერვენციას დაიწყებდა საკუთარი დასავლეთ საზღვრის დასაცავად.

ლიბიის კონფლიქტში ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები ხალიფა ჰაფთარს უჭერენ მხარს. ჰაფთარის ძალებთან ერთად იბრძვიან დაქირავებული რუსი სამხედროებიც. ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო ძალებით მხარს თურქეთი უჭერს.

2011 წელს ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. დედაქალაქ ტრიპოლს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს. აღმოსავლეთ ნაწილს გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.

კომენტარები