გიორგი შაქარაშვილის საქმე

ექსპერტიზის ბიურო შაქარაშვილზე: ოქმში "გვამური გაშეშება" მექანიკური შეცდომა არაა

ლევან სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, მედიებში ვრცელდება ისეთი ვერსიები, რომლებსაც საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. 

როგორც ექსპერტიზის ბიურო წერს, გამომდინარე იქიდან, რომ შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის გარკვეულ დეტალებს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია მოჰყვა, რამაც კითხვები გააჩინა, ისინი დასკვნას დამატებით განმარტავენ. 

"შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს "გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში", არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს". – წერია ბიუროს განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის ცხედართან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები 22 ივნისს, 15:05 საათზე დაიწყო. 

"ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად,ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, "გვამური გაშეშება" და დადგინდა, რომ "გვამური გაშეშება" გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში". – წერია განცხადებაში. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობით, ამის შემდეგ 19:15 საათზე დაიწყო ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ შემოწმდა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება და დადგინდა, რომ "გვამური გაშეშება" ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო. 

"იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გამოვლენილი "გვამური გაშეშების" ფაქტი, თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდიოდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგთან, რაც უკვე აღინიშნა, არ შეესაბამება სიმართლეს, საჭიროდ ჩავთვალეთ წარმოგიდგინოთ სასამართლო- სამედიცინო სახელმძღვანელოებში ამ საკითხთან დაკავშირებული განმარტებები:

ციტატა:

"გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს. ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ, 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში, კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება. დაბალი ტემპერატურის დროს კი გაშეშება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაშია შენარჩუნებული". (იხილეთ: თეიმურაზ გორდელაძე. ექიმი პათოლოგანატომი, სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2008წ.)

ციტატა:

"გაშეშება უმაღლეს დონეს 24 საათის განმავლობაში აღწევს, შემდეგ იწყება თანდათანობით კუნთების მოდუნება და გაშეშება იხსნება 2-3 დღის შემდეგ... გვამის გაშეშება მჭიდროდ არის დაკავშირებული მრავალ შინაგან და გარეგან ფაქტორთან. ცივ გარემოში გაშეშება გვიან ვითარდება და დიდხანს ძლებს, რამდენიმე დღეს და კვირასაც კი. გვამში აუტოლიზური პროცესები და ლპობა სწრაფად იწვევს გაშეშების მოხსნას, რასაც ადგილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე გვამის ყოფნისას ...". (იხილეთ: ბესიკ კილასონია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი. სახელმძღვანელო - სასამართლო მედიცინა. თბილისი 2011)". – წერს ექსპერტიზის ბიურო. 

ბიუროს განცხადებით, მათ არ სურთ დასკვნის სხვა "არაერთგვაროვან ინტერპრეტაციებზე" კომენტარის გაკეთება, ვინაიდან, მათი განმარტებით, ის მოითხოვს დიდი რაოდენობით სპეციფიკურ განმარტებებს, რაც სცდება ერთი საჯარო განცხადების ფორმატს. 

"თუმცა, ასევე, ძალიან მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს მოსაზრება ძვლების მოტეხილობის თაობაზე და მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი. შესაბამისად, განვმარტავთ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას". – წერია განცხადებაში. 

ბიუეროს ცნობით, ექსპერტიზის დროს თავის ქალას ძვლები ვიზუალურად, დეტალურად დაათვალიერეს, რის საფუძველზეც ისინი კატეგორიულად წერენ, რომ ქალა-ფუძის მოტეხილობა არ ყოფილა. 

"ექსპერტიზის დროს, მოხდა თავის ქალას ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არ არსებობა. რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება.

დასასრულს, საზოგადოებას მივმართავთ თხოვნით, გაითვალისწინონ, რომ სასამართლო ექსპერტიზა არის მეცნიერების დარგი. საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და შესაბამის გამოცდილებას. ამდენად, გარწმუნებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები". – წერს ბიურო.

ორ ტელეკომპანიასთან, მთავარ არხსა და ფორმულასთან საუბარში, სხვადასხვა ექსპერტმა თქვა, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, სავარაუდოდ, 19 ივლისს არ გარდაცვლილა. ამას ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე დაყრდნობით ამბობდნენ, სადაც ეწერა, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა "გვამური გაშეშება". მათი თქმით, 4 დღის გარდაცვლილი ადამიანის კუნთები უკვე მოდუნებული უნდა ყოფილიყო. 

20 ივლისს ამის პასუხად, საქმის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ოქმში აღნიშნული ფრაზა "გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში" მექანიკური შეცდომა იყო. 

კომენტარები