მედიის განვითარების ფონდი

ანტიდასავლური პროპაგანდა მედიაში, 2019 – მედიის განვითარების ფონდის ანგარიში

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ მედიის განვითარების ფონდი

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის მედია მონიტორინგის და ყალბი ინფორმაციის გადამოწმების შედეგებს ეხება. 

ანგარიში ანტიდასავლურ გზავნილებს, მათ ფორმირებასა და დროთა განმავლობაში ცვალებადობას აკვირდება. ამასთან აიდენტიფიცირებს გზავნილების წყაროებს და ავლენს ყალბ ინფორმაციებს. 

MDF-ის ცნობით, ანგარიშის მომზადების პროცესში აკვირდებოდნენ როგორც მედიებს, ასევე სხვა წყაროებს, როგორებიც არიან პოლიტიკური კლასი, სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები. 

ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • 2019 წლის მედია მონიტორინგის შედეგების ანალიზისას, შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: წინა წლების მსგავსად, 2019 წლის მედია მონიტორინგი, კვლავ ანტიდასავლური გზავნილების მზარდ ტენდენციაზე მეტყველებს, რაც ბოლო 4 წლის დინამიკის ჭრილში, გაორმაგებული მაჩვენებელია (2019 წელი: 2769; 2016 წელი: 1258);
  • 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად არის გაზრდილი ანტიამერიკული და ანტინატო გზავნილები, რაც უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის მხრიდან საქართველოს უპირობო მხარდაჭერას, მათ შორის ალიანსში ინტეგრირების მხრივ თანმიმდევრულ მხარდაჭერას უკავშირდება; ნატოს წინააღმდეგ გზავნილების ზრდა კი – პრორუსული პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ნეიტრალიტეტის შესახებ, გააქტიურებულ კამპანიას;
  • ამერიკასთან მიმართებით, ორი ახალი გზავნილი იყო აქტუალური: 1) მკვიდრდებოდა მოსაზრება, რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკური ხასიათის არ არის და მას ამერიკისთვის სამხედრო-მილიტარისტული დანიშნულება აქვს; 2) საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების მიზანშეუწონლობაზე შეფასებები საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს უკავშირდებოდა, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა რუსეთის პროვოცირებად შეაფასა, რამაც პრორუსულად განწყობილი აქტორებისთვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა;
  • პარალელურად, გაზრდილია რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები, რაც საგარეო კურსის გადახედვის და საქართველოს პრობლემების კრემლთან პირისპირ დარჩენის გზით კონფლიქტების მოგვარების გზავნილებს შეიცავდა;
  • ევროკავშირის/ევროპის წინააღმდეგ გზავნილები, თითქმის, წინა წლის მონაცემების იდენტურია და 2017 წლის შემდეგ, როცა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდა, შემცირებულია. ევროკავშირის წინააღმდეგ გზავნილების შემცირება, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ ევროინტეგრაციის შემდგომი ეტაპები აქტიური განხილვის ფაზაში არ ყოფილა.

ანგარიში 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ანგარიშის სრულად ნახვა შეგიძლიათ აქ.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები