თემურ აბაზოვი

"ოცნება" აბაზოვის სიაში ჩასმაზე: არ განიხილებოდა და არც განიხილება

Instagram

"არ განიხილებოდა და არც განიხილება" - ასე პასუხობენ ქართულ ოცნებაში ტაბულას კითხვას, განიხილება თუ არა მარნეულის ყოფილი მერის, არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვის პარტიის პროპორციულ სიაში ჩასმა. 

გუშინ, 22 ივლისს, აბაზოვმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ქართული ოცნების ლიდერებისგან შეთავაზება მიიღო და დათანხმდა. 

"იყო შემოთავაზება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“, - უთხრა თემურ აბაზოვმა ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომელ ნომრად იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში. 

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი მეორე დღეს, ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა.

2020 წლის 12 თებერვალს კი ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის - პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ.-ს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. ამას მოწმობს როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც. ამასთან, სასამართლო განხილვების პროცესში ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

კომენტარები