კორონავირუსი საქართველოში

მზესუმზირა 10 000 ლარით დააჯარიმეს, დენდროლოგიურ პარკზე რეგულაციები არ ვრცელდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, მზესუმზირას ორგანიზატორები ამბობენ, რომ 17 ივლისის ღონისძიებაზე, ყველა რეგულაციის დაცვის მიუხედავად, უწყებამ კომუნა 10 000 ლარით მაინც დააჯარიმა.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ ახალი დადგენილებით, ელექტრონული მუსიკა არ არის შესული კულტურულ ღონისძიებათა სიაში, რომლის ჩატარებაც ღია სივრცეში ნებადართულია.

"მიუხედავად ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვისა, რომელიც 29 ივნისს, ჯანდაცვის სამინისტროში, მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, რომლის მიზანი, მათივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება იყო, 17 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე, კომუნა მზესუმზირა მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.

მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეყვანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი, ისევე, როგორც მათი დაპირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, არ დავჯრიმდებოდით.

ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე აქტივობებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან და ვაპირებთ, სასამართლოს გზით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

იქამდე კი 24 ივლისის ივენთი გაუქმებულია.

მსგავსი შერჩევითი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინდუსტრიის არსებობას, რაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია!

უახლოეს დღებში ქართული კლუბები და მუსიკალური ფესტივალები გავავრცელებთ საერთო განცხადებას". - აცხადებენ მზესუმზირას ორგანიზატორები.

პარალელურად, ხელისუფლება აცხადებს, რომ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში დამთვალიერებლების ნაკადი არ წყდება. გავრცელებული ფოტოებიდან და კადრებიდან ჩანს, რომ პარკის სტუმრები, რიგში დგომისას არ იცავენ დისტანციას და ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციებს.

დენდროლოგიური პარკის გახსნა
ტაბულა ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება პასუხს კითხვაზე, რა პრინციპით ხელმძღვანელობს ხელისუფლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

კომენტარები