ფრენების აღდგენა

თურნავა: ცდილობენ, WizzAir-თან და Ryanair-თან მედიატორის ფუქნცია იკისრონ, ეს საჭირო არაა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, Wizz Air-ისა და Ryanair-ის შესახებ ილაპარაკა.

"შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში Wizz Air შემოსულიყო 2016 წელს, 2019 წელს რომ გაეფართოებინა არსებითად არეალი და 2019 წელს Ryanair შემოსულიყო". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ავიაკომპანიებთან თანამშრომლობს, რათა აღდგეს ფრენების "ოპტიმალური რაოდენობა":

"ჩვენ მათთან [Wizz Air-თან და Ryanair-თან] ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრობლობთ, ვურთიერთობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობა ფრენებზე, რაც მათთვის კომერციულად იქნება მიმზიდველი, მაგრამ ჩვენც არ დაგვაზარალებს ეპიდემიოლოგიურად". - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

"ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია - ეს არის ადამიანების დაცვა". - აცხადებს ის.

გარდა ამისა, თურნავა ლაპარაკობს "მედიატორობის მცდელობაზე", რაც, მისი თქმით, საჭირო არ არის:

"მე ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენ შორის ვიღაცამ იკისროს მედიატორის ფუნქცია. არ არის ეს საჭირო.

არანაირი პრობლემა ჩვენ შორის ურთიერთობისა არ არსებობს. თუკი ამ კომპანიებს უჩნდებათ შეკითხვა, პირდაპირ მოგვმართავენ და კომუნიკაციის პრობლემაც არ გვაქვს".

მთავრობა საქართველოში რეგულარული ფრენების შესრულების უფლებას აგვისტოდან აძლევს მხოლოდ სამ ავიაკომპანიას - Lufthansa-ს (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Airfrance-ს (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (თბილისი-რიგა, კვირაში ერთხელ). ასევე, შესრულდება აირზენას კომერციული რეისები. ამ ეტაპზე ფრენებს ვერ იწყებენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Wizz Air და Ryanair, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ავიაკომპანიების და რეისების შეზღუდული რაოდენობა მაღალბიუჯეტიანი კომპანიების ავიაბილეთების ისედაც მაღალ ფასს კიდევ უფრო გააძვირებს.

ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა საჰაერო სივრცის გახსნისა და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნის მოწოდებით მთავრობის კანცელარიასთან რამდენჯერმე გამართეს აქცია. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მთავრობა საზღვრებს არ გახსნის, ტურისტული სფეროს წარმომადგენლების გარდა, კიდევ მრავალი სექტორი დარჩება უმუშევრად.

კომენტარები