კორონავირუსი საქართველოში

გასულ კვირას რადისონ ბლუ ბათუმში სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

რადისონ ბლუ ბათუმი

ადგილობრივი მედიის ცნობით, რადისონ ბათუმის სტუმარს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია თავდაპირველად ბათუმელებმა გაავრცელა. მათი ცნობით, შემთხვევა გასულ კვირას მოხდა და სასტუმრო ამ დრომდე არ ადასტურებდა, მიუხედავად ამისა, გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე სტუმარმა რედისონ ბათუმი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

განცხადების მიხედვით, რომელიც სილქ ჰოსფითალითიმ ბათუმელებს მიაწოდა, ერთერთ სტუმარს ახალი კორონავირუსი განმეორებით ჩატარებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა და მას სიმპტომები არ ჰქონდა. 

"ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მის თანმხლებ და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ". – წერია განცხადებაში. 

რადისონ ბლუ ბათუმის გენერალური დირექტორი, ფიქრეთ იუქსელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ სტუმარმა ქვეყანაში შემოსვლამდე ორჯერ გაიკეთა ტესტი – ერთხელ თავის ქვეყანაში, მეორედ კი აეროპორტში. 

"სასტუმრო ადასტურებს ერთ დადებით შემთხვევას. ვიზიტორმა გადმოკვეთა საზღვარი, საზღვრის კვეთამდე თავის ქვეყანაში გაიკეთა კორონავირუსზე ტესტი და იგი იყო უარყოფითი. აეროპორტში ჩაიტარა და ისევ უარყოფითი შედეგი უჩვენა. სასტუმროში შემოსვლისა და განმეორებითი ტესტირებით დადებითი შედეგი გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის თანამშრომლებს ვაცნობეთ და შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს". – ამბობს ფიქრეთ იუქსელი. (კომენტარის თარგმანი აჭარის ტელევიზიისგანაა აღებული). 

საქართველოში ახალი კორონავირუსის ჯამში 1 085 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები