Covid-19 კრიზისის დროს ინსტიტუტების რეიტინგი და ნდობა გაიზარდა - CRRC-ის კვლევა

საქართველოს მთავრობა

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის მიხედვით, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საზოგადოებრივ განწყობებს ეხება, კრიზისის დროს ინსტიტუტებისადმი ნდობა გაძლიერდა. გაიზარდა მათი დადებითი რეიტინგი, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მათ საქმიანობას კარგად ან ძალიან კარგად აფასებს.

მაგალითად, 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიციის დადებითი რეიტინგი 50% იყო, ხოლო CRRC-ის მიერ 21-23 მაისის პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს რეიტინგი 69%-მდე გაიზარდა. 28-31 მაისის პერიოდში კი 63%-მდე ჩამოვიდა. 

რაც შეეხება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, NDI-ის ნოემბერი-დეკემბერში ჩატარებული კვლევით, მისი დადებითი რეიტინგი 21% იყო, 21-23 მაისის პერიოდში ეს მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა, 28-31 მაისს ჩატარებულ კვლევაში კი 63%-მდე ჩამოვიდა. 

გაიზარდა საქართველოს პარლამენტის დადებითი რეიტინგიც. მაშინ, როდესაც NDI-ს მიერ ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში მაჩვენებელი 9% იყო, 21-23 მაისს ჩატარებული CRRC-ის კვლევის მიხედვით უკვე მოსახლეობის 30% აფასებდა პარლამენტის საქმიანობას კარგად ან ძალიან კარგად. 28-31 მაისს ჩატარებული კვლევით კი, ეს მაჩვენებელი კიდევ 2%-ით გაუმჯობესდა და 32% შეადგინა. 

ყველაზე ნაკლებად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დადებითი რეიტინგი გაიზარდა. ნოემბერ-დეკემბერში NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში მის საქმიანობას კარგად ან ძალიან კარგად 9% აფასებდა, 21-23 მაისს ეს მაჩვენებელი 25%-ზე ავიდა და უცვლელი დარჩა 28-31 მაისს ჩატარებულ გამოკითხვაშიც. 

სახელისუფლებო ინსტიტუტების გარდა, გაიზარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დადებითი რეიტინგიც. თუ NDI-ის მიერ ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებულ კვლევაში ეს რიცხვი 50%-ს არ აღემატებოდა, 21-23 მაისს CRRC-ის კვლევით, უკვე მოსახლეობის 66% პასუხობდა, რომ მათ საქმიანობას კარგად ან ძალიან კარგად აფასებდა. ეს რიცხვი არ შეცვლილა 28-31 მაისს ჩატარებულ კვლევაშიც. 


ფოტო: CRRC

რაც შეეხება ინსტიტუტებისადმი ნდობას, ის ასევე ყველა ინსტიტუტის შემთხვევაში გაიზარდა. მაგალითად, კავკასიის ბარომეტრი 2019-ის მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის 4% ენდობოდა სრულად, 23% ენდობოდა ძირითადად, 36% ენდობოდა ნაწილობრივ, 16% არ ენდობოდა ძირითადად, 14% კი სრულად. უარი პასუხზე - 6%. 

ხოლო, კრიზისის დროს, 29 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ჩატარებულ კვლევაში, ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის 11% სრულად ენდობოდა, 41% ძირითადად ენდობოდა, 29% ნაწილობრივ ენდობოდა, 9% ძირითადად არ ენდობოდა, 3% კი სრულად არ ენდობოდა. უარი პასუხზე - 6%. 

პარლამენტის შემთხვევაში, კავკასიის ბარომეტრის 2019 წლის კვლევის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს მოსახლეობის 4% სრულად ენდობოდა, 12% ძირითადად ენდობოდა, 32% ნაწილობრივ ენდობოდა, 23% არ ენდობოდა და ასევე 23% სრულად არ ენდობოდა. უარი პასუხზე - 7%. 

კრიზისის დროს კი, მოსახლეობის 8% სრულად ენდობოდა, 32% ძირითადად ენდობოდა, 36% ნაწილობრივ ენდობოდა, 16% ძირითადად არ ენდობოდა, 6% საერთოდ არ ენდობოდა. უარი პასუხზე - 6%. 

ფოტო: CRRC

ამასთან, კვლევის მიხედვით, მაღალი იყო ინსტიტუტების მიერ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული საქმიანობის დადებითი შეფასებაც. 

ფოტო: CRRC


ფოტო: CRRC


CRRC-საქართველომ 23 ივლისს წარადგინა ექვსი ყოველკვირეული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები, რომელიც საქართველოში Covid-19-ის კრიზისზე მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხებოდა. 

კვლევა მობილური ტელეფონების ნომრებით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა და სულ 6-ეტაპიანი იყო. პირველი ეტაპი 29 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდს მოიცავდა, მეორე - 7 მაისიდან 10 მაისამდე, მესამე 14 მაისიდან 17 მაისამდე, მეოთხე 21 მაისიდან 23 მაისამდე, მეხუთე 28 მაისიდან 31 მაისამდე, ხოლო მეექვსე 4 ივნისიდან 6 ივნისამდე პერიოდს. 

ცდომილების ზღვარი 3%-3.1%-ია. დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ. 

კომენტარები