გოლანის მაღლობი

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის საზღვართან ჰეზბოლას დაუპირისპირდნენ

AFP

ისრაელის სამხედროებმა ჰეზბოლას მებრძოლებს, რომლებმაც ლიბანისა და ისრაელის საზღვარი გადაკვეთეს, ცეცხლი გაუხსნეს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაახლოებით ოთხმა მებრძოლმა ორშაბათს მთა დოვის მახლობლად ისრაელის საზღვარი გადმოკვეთეს. ტერიტორია გოლანის მაღლობის ნაწილია. 

ისრაელის მედიის ინფორმაციით ჰეზბოლას მებრძოლები ისრაელის თავდაცვის ძალების პოსტზე აპირებდნენ თავდასხმას, თავდაცვის ძალები მათ აკვირდებოდნენ და ცეცხლი გახსნეს, როგორც კი მებრძოლებმა ლურჯი ხაზი, გაეროს მიერ აღიარებული საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის, გადაკვეთეს. თავდაცვის ძალების განცხადებით, ცეცხლის გახსნის შემდეგ ჰეზბოლას მებრძოლებმა უკან დაიხიეს.

“ამ ინციდენტსა და ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელზე ნებისმიერ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ჰეზბოლასა და ლიბანს ეკისრება. ჰეზბოლამ უნდა იცოდეს, რომ ცეცხლს ეთამაშება”. – განაცხადა პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ჰეზბოლას განცხადებით, მისი მებრძოლები არ ჩართულან რაიმე სახის შეტაკებაში და შემთხვევაში “აღელვებული” მტერი დაადანაშაულა. 

სირიაში ჰეზბოლას მებრძოლის სიკვდილის შემდეგ რეგიონში ვითარება დაიძაბა. ჰეზბოლას ვარაუდით, მებრძოლი ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის დროს დაიღუპა. ისრაელს არც დაუდასტურებია და არც უარყვია საჰაერო შეტევაში ჩართულობა. თუმცა, გააფრთხილა ჰეზბოლა, სამაგიეროს გადახდა არ ეცადათ.

ჰეზბოლას განცხადებით, ისინი აუცილებლად გასცემდნენ ისრაელს პასუხს მებრძოლის სიკვდილის გამო. 

ჰეზბოლა ისლამისტური პარტიაა და ამჟამად ლიბანში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალაა. ის, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთით ოპერირებს და მოკავშირეებთან ერთად გავლენიან ძალას წარმოადგენს ქვეყნის მთავრობაში. 

ისრაელსა და ჰეზბოლას დაპირისპირებას ხანგრძლივი ისტორია აქვთ. 2006 წელს, მას შემდეგ რაც ჰეზბოლამ ისრაელის რვა სამხედრო მოკლა და ორი გაიტაცა, ისინი ერთთვიან ომში იყვნენ ჩაბმული.

კომენტარები