არჩევნები 2020

სამადაშვილი: ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი

ფორმულა

"ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი". – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ენმ-ის მხრიდან ყველა რეგიონში მაჟორიტარი კანდიდატის დაყენებას და ევროპული საქართველოს განცხადებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დეპუტატმა თქვა, რომ ხელისუფლების დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების გზით მიღებული შედეგი.

"ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად გადამწყვეტია შედეგები, რომელსაც პროპორციული არჩევნების გზით პოლიტიკური პარტიები აჩვენებენ. ამიტომ, ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი – არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არც იმის წინა არჩევნებში ჰქონდათ.

ბიძინა ივანიშვილი, პირველ რიგში, უნდა დავამარცხოთ სწორედ პროპორციული არჩევნების გზით, არა მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ, არამედ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც ერთად უნდა ავიღოთ მეტი ხმები პროპორციულ არჩევნებში, ვიდრე ქართულმა ოცნებამ. ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი". – თქვა სალომე სამადაშვილმა.

გუშინ, 27 ივლისს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს. უგულავას თქმით, ენმ-ს გადაწყვეტილება მათი უფლებაა და "არ უნდა შევქმნათ ტრაგედია". მან მოუწოდა კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, "გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში". უგულავამ აღნიშნა, რომ ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნაა - "ოპოზიცია შეჯერდეს მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველგან".

კომენტარები