შშმ პირთა უფლებები

უსინათლო ქალს, რომელიც წერს, იუსტიციის სახლში უმტკიცებდნენ, რომ წერა არ იცის

0 კომენტარი
მარიამ მიქიაშვილი

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იუსტიციის სახლში უსინათლო ქალის მიმართ ღირსებისშემლახავი პროცედურა აღწერა.

"ვართ იუსტიციის სახლში. გვყავს უსინათლო მეგობარი, რომელსაც უმტკიცებენ რომ წერა-კითხვა არ იცის იმიტომ, რომ, ხელით წერის ნაცვლად, წერს კომპიუტერზე, ლეპტოპზე, ტელეფონზე და ყველა შესაძლო ტექნიკაზე. მარიამს ყველა იცნობს, აქვს ფანტასტიკური განათლება, არის სკოლის დირექტორის მოადგილე და ცნობილი ექსპერტი უსინათლოთა საკითხებზე. გვიმტკიცებენ რომ არ ითვლება წერა-კითხვის მცოდნედ...

ჩვენ ვამტკიცებთ რომ წერა-კითხვა არ ნიშნავს აუცილებლად ხელით წერას და გავიდა ასე 2 საათი.

ორი საჩივარი ადგილზე დავწერეთ და ანამ დაიწყო სარჩელის წერა ფეხზე მდგარმა.

ანუ, რადგან ხელით წერის გარდა სხვა სახით წერა არ არის ინსტრუქციაში მითითებული, გვთხოვდნენ, წერა-კითხვის არმცოდნეთა პროცედურის არჩევას, რაზეც ჩვენ არ დავთანხმდით და მოვითხოვეთ კომპიუტერის საშუალებით წერის ჩათვლა. ველით თუ დაგვიხარვეზევენ ამ განცხადებას". – წერს არგანაშვილი.

მოგვიანებით, მომხდარი თავად აღწერა, უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მარიამ მიქიაშვილმა:

"ვერასდროს გამოიცნობთ, რა შეიძლებოდა ეკითხა მრავალგზის დატრენინგებულ-ნამეცადინებ-გადამზადებულ-ნაწერ-ნაკითხ იუსტიციის სახლის თანამშრომელს. მართლა, გულწრფელად მაინტერესებს, რას ემსახურებოდა იმდენი ფულის ხარჯვა, იმდენი ადამიანის მუშაობა, კვლევა, გაიდლაინების წერა, კანონმდებლობის ანალიზი, ტრენინგები, თუ ეს ხალხი მაინც ვერ გაიგებდა ელემენტარულს და თუ რეგულაცია მაინც უსახური და ცალსახად დისკრიმინაციული იქნებოდა.

2020 წელს ისევ ქმედუნარიანობა-ქმედუუნარობის საკითხის გამოძიებით არიან დაკავებულები და ვერ ხვდებიან, რომ დიდი ხანია საერთოდ აღარ ცნობს კანონი ამ ტერმინს, არა თუ ურთიერთობის ფორმას. როცა შეხვედრებზე ვეუბნებოდი, მაილებს ვწერდი, საჯაროდ, კერძო საუბრებში და ყველა ფორმით ვაფრთხილებდი და არამარტო მე, რომ არ შეიძლება მსგავსი საქმე აკეთო შშმ პირების უშუალო ჩართულობის გარეშე, არ შეიძლება შშმ თემატიკაზე მომუშავე თუნდაც ოქროს ექსპერტები ჩართო, მაგრამ არც ერთი შშმ პირი და, მხოლოდ მათთან ჩატარებული ფოკუსჯგუფებით და ინტერვიუებით შემოიფარგლო, ეგონათ, რომ საკუთარ თავს ვუწევდი რეკლამას. ხოდა, აი, შედეგი. ოპერატორის გადასაწყვეტია ვარ თუ არა ქმედუნარიანი ან ქმედუუნარო და ვიცი თუ არა წერა-კითხვა და კიდევ ისიც აუცილებლად უნდა იცოდეს, დაბადებიდან უსინათლო ვარ თუ არა. ეს მათი ინსტრუქციის ნაწილია. თუ დაბადებიდან უსინათლო ვარ, აპრიორი, წერა-კითხვა არ მეცოდინება და რადგან ვუთხარი, რომ დაბადებიდან არ ვარ უსინათლო, დაუშვა, რომ შეიძლება ვიცოდე მაინც.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკვე, პირველად ვთქვი, რომ დაბადებიდან უსინათლო არ ვარ და მაგრად გამიმართლა ინტუიცია რომ მაქვს ხანდახან. ზოგადად ამ თემაზე გულწრფელი არასდროს ვარ უცხოებთან, იმიტომ, რომ ეს მათი საქმე არ არის და დამატებით შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ მომწონს. მარტივად, კი, დაბადებიდან და აღარაფერს მეკითხებიან მეტს. კიდევ კარგი, ამჯერად, მოვინდომე გულწრფელობა.

ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები რომ არ მყავდნენ მეგობრებში, ერთ-ორ სართულიან ლანძღვა-გინებასაც მოვაყოლებდი იუსტიციის სახლის, უფრო მეტად საჯარო რეესტრის მესვეურების მისამართით, თავისი უფლებადამცველი პარლამენტარებიანად და მათი კუდი არასამთავრობოებიანად. მაგრამ, ამჯერად, თავს შევიკავებ და ვინც იცის, ისედაც იცის, ვისაც ვგულისხმობ. ვინც არ იცის, სახელებს მნიშვნელობა არც აქვს მათთვის. ეს ის ადამიანები არიან, ვინც არ იცის რა არის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. ვისაც მუდმივად მძღოლები, დამქაშები და ატამანები ემსახურებიან და მათთვის არც მოწმის თან ყოლაა არასდროს პრობლემა და არც საერთოდაც მათ ნაცვლად რამის კეთება, იმიტომ, რომ ასე უფრო მარტივია ცხოვრება ისედაც. მე არ დავიარები კუდებით ზოგადად და მადლობა ჩემს თავს და ჩემს ოჯახს, იმისთვის, რომ შემიძლია ორი ნაბიჯი დამოუკიდებლადაც გადავდგა, ლაშქრის გარეშე". – წერს მიქიაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები