არჩევნები 2020

კაპანაძე ენმ-ზე: უნდა ესმოდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ შანსს აძლევენ

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმებაზე წამოსვლისთვის დრო კიდევ არის. კაპანაძე ასევე აღნიშნავს, რომ თუ კანდიდატებს ენმ-ს და ევროპული საქართველოს ერთობლივი მხარდაჭერა ექნებათ, ალბათობა იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებენ, არის ძალიან მაღალი.

"სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ყველა რეგიონს ოლქში დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები და ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ ჯერ არის დრო. შემდეგი 1-2 დღე მაქსიმუმ, როდესაც მათ შეუძლიათ წამოვიდნენ შეთანხმებაზე. შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დადგება და ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. სანაცვლოდ 4 ოლქში იქნებიან ევროპული საქართველოს კანდიდატები. 

ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჯამურად 12 ოლქში, და შეიძლება მეტშიც, თუ მათი მხრიდან თანხმობა იქნება, გვყავდეს შეთანხმებული კანდიდატები, რომელთაც ექნებათ შანსი, რომ პირველ ტურში დაამარცხონ ქართული ოცნება.

ეს ოლქები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ავიღეთ 2018 წლის პირველი და მეორე ტურების შედეგების მიხედვით. ანუ ის ოლქებია, სადაც თუ კანდიდატებს ენმ-ს და ევროპული საქართველოს ერთობლივი მხარდაჭერა ექნებათ, ალბათობა იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებენ, არის ძალიან მაღალი". – თქვა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძე კითხვაზე თუ რა არის ენმ-ს ამგვარი მოქმედებების მიზეზი, პასუხობს, რომ მათ მიერ დასახელებული მიზეზებიდან არგუმენტირებული არცერთი არ ყოფილა და ამ ნაბიჯით ისინი ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ შანსს აძლევენ.

"ბევრი მიზეზი იქნა მათი მხრიდან დასახელებული, მაგრამ ამ მიზეზებს, ჩემი აზრით, არგუმენტები თან არ ახლავს. თუ მათ უნდათ, რომ ყველა მეორე ტურში თვითონ გავიდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო ლეგიტიმური მოსაზრება, ოღონდ მათაც და ჩვენს ამომრჩეველსაც უნდა ესმოდეთ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ შანსს აძლევენ.

იქ, სადაც პირველ ტურში შეგვიძლია დავამარცხოთ ერთობლივად, ვამბობთ, რომ მეორე ტურში გადავდოთ ეს წარმატება. ამას არანაირი გამართლება არ აქვს". – აღნიშნავს კაპანაძე.

როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატს აყენებს. ამიტომ, ევროპულმა საქართველომ მოუწოდა კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში, "გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში". პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ამომრჩევლის უპირობო მოთხოვნაა - "ოპოზიცია შეჯერდეს მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველგან".

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, "ნუ მოვატყუებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ მაჟორიტარებს აქვთ გადამწყვეტი როლი – არც ამ არჩევნებში აქვთ, არც წინა არჩევნებში და არც იმის წინა არჩევნებში ჰქონდათ".

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება.

კომენტარები