მსოფლიო

დესტაბილიზაციის მიზნით რუსეთიდან 200 ბოევიკი შემოვიდა - ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო

"საპრეზიდენტო არჩევნების დროს გარემოს დესტაბილიზაციის მიზნით, ბელარუსში 200 ბოევიკი შემოაგზავნეს".- ინფორმაციას, ამის შესახებ, ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტა სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბელარუსის ტერიტორიაზე 200 ბოევიკი შემოაგზავნეს. რუსეთის მოქალაქეებს თან ქონდათ მხოლოდ ხელბარგი და 3 დიდი ჩემოდანი". –ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

ბელარუსის სამართალდამცავმა ორგანოებმა, მინსკის მახლობლად რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის რამდენიმე ბოევიკი ადრე დააკავეს. 

ვაგნერი, ოფიციალურად, კერძო რუსული სამხედრო კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მზარეულად ცნობილ, ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ვაგნერის მებრძოლები ამ დროისთვის რამდენიმე კონფლიქტურ ზონაში იმყოფებიან, მათ შორის სირიაში, ლიბიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

სააგენტოს ინფორმაციით, 32 სამხედრო 29 ივლისს დააკავეს. ვაგნერის მებრძოლების დაკავებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ უკლებლივ ყველა დაკავებული რუსეთის მოქალაქეა. 

"ჩამოსულებმა ყურადღება მიიქციეს რუსი ტურისტებისთვის არადამახასიათებელი ქცევით და სამხედრო სტილის ჩაცმულობით. ისინი არ სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელებს, არ სტუმრობდნენ კაფეებს და ბარებს და ცდილობდნენ არ მიექციათ ყურადღება. ჩამოსულებმა მცირე ჯგუფების მეშვეობით ყურადღებით და დეტალურად შეისწავლეს სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც გაჩერდნენ". – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სააგენტოს ინფორმაციით, რუსი ბოევიკები ბელარუსში 24 ივლისს ჩამოვიდნენ და თავდაპირველად მინსკში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდნენ, ხოლო მოგვიანებით, მინსკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სანატორიუმში გადავიდნენ. 

ოფიციალურ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავებს ქონდათ ინფორმაცია 200 რუსი ბოევიკის შესახებ, რომლებმაც ბელარუსის საზღვარი გადმოკვეთეს. 

საყურადღებოა, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, დიდი ალბათობით, ვაგნერის მებრძოლების დაკავება სწორედ ამას უკავშირდება. წინა დღეებში, ძალოვან სტრუქტურებთან გამართული შეხვედრის დროს, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "მისმა მოწინააღმდეგეებმა, შესაძლოა, შექმნან ბოევიკთა ჯგუფები, რათა მოედანზე სისხლისღვრა მოაწყონ."

24 ივლისს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ვიზიტისას ლუკაშენკო ამბობდა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს შესაძლოა, "ვაგნერის" მებრძოლები შეუერთდნენ. "თუ ადგილობრივები არ იქნებიან საკმარისი რაოდენობით, მაშინ ვაგნერის მებრძოლებს მოუხმობენ. ისინი არიან პროფესიონალი მებრძოლები, ბანდიტები, რომლებსაც სპეციალურად ამზადებენ ძირითადად ვაგნერის სტრუქტურაში. ისინი მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და პროვოკაციების მოწყობით დიდ ფულს შოულობენ". – განაცხადა ლუკაშენკომ.

წინა თვეში ლუკაშენკო რამდენჯერმე გამოეხმაურა რუსეთის შესაძლო ჩარევას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ გარკვეულ უცხო ძალებს ქვეყანაში მაიდანის მოწყობა უნდათ. 

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ივან ტერტელმა განაცხადა, რომ ესეთი ძალები შესაძლოა გაზპრომში ან კიდევ უფრო მაღალ ეშელონებში არიან. 

 

კომენტარები