ახალი კორონავირუსი შვედეთში

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი: კრიტიკული შემთხვევების მრუდი ნულს უახლოვდება

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის თქმით, ახალი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის მხრივ დამაიმედებელი მდგომარეობაა.

"მრუდები ქვემოთ ჩამოდის, ხოლო კრიტიკული შემთხვევების მრუდი ნულთან მიახლოებას იწყებს". - ამბობს ანდერს ტეგნელი.

შემცირებული შემთხვევების პარალელურად, ქვეყანაში იმატებს ჩატარებული ტესტების რაოდენობაც.

შვედეთში, სადაც სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ბევრ შეზღუდვაზე უარი თქვეს, ბოლო დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა მართლაც დაღმავალია.

ამის პარალელურად, შეზღუდვების შერბილებასთან ერთად ვირუსი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ უფრო დიდი რაოდენობით ვრცელდება.

ანდერს ტეგნელი, რომელიც შვედეთის გამორჩეული მიდგომის უკან დგას, მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა გრძელვადიანი გამოსავალი არ არის და მკაცრი ზომები არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იყო ნაკარნახევი.

შვედეთისგან განსხვავებით, ახალი კორონავირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები მიიღეს მეზობელმა სკანდინავიურმა სახელმწიფოებმა, რასაც ანდერს ტეგნელი აკრიტიკებდა.

"პოზიტიური ტრენდი ტრიალდება შემთხვევათა რაოდენობის მატებით ესპანეთში, რუმინეთში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში", - ამბობს ანდერს ტეგნელი.

მიუხედავად პოზიტიური ტრენდისა, შვედეთში მაღალია ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი. თუ შვედეთში მილიონ ადამიანზე 567 გარდაცვლილია, მეზობელ ფინეთში ეს რიცხვი 59-ს შეადგენს, ნორვეგიაში 47-ს, ხოლო დანიაში 106-ს.

შვედეთში ვირუსით 5 730 ადამიანია გარდაცვლილი, მაშინ, როცა ნორვეგიაში, დანიასა და ფინეთში გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 1 200-ს აღწევს.

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ქვეყნის შედეგების შეფასება ჯერ ნაადრევია და, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია იმის თქმა, შვედეთის განსხვავებული მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა თუ არა.

"ერთ წელიწადში განმსაჯეთ". - ამბობს ტეგნელი, რომლის თქმითაც მიდგომამ გამოავლინა, როგორც პლუსები, ისე მინუსები.

ვრცლად შვედური მიდგომის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

კომენტარები