გიორგი რურუას პატიმრობა

რიში რურუას განაჩენზე: მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული

ჯეიმს რიში
Boise State Public Radio

მთავარი არხის თანამესაკუთრის, გიორგი რურუასთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის ამ ნაბიჯს, ჯეიმს რიში აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

"მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა, არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე," - განაცხადა სენატორმა რიშმა.

გიორგი რურუას გათავისუფლება აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილი იყო. მაგრამ, მიუხედავად არაერთი შუამდგომლობისა, სასამართლომ რურუას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი არც ერთხელ არ შეუცვალა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-სა და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვეს. თუმცა ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და, რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები