ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. ამის შესახებ კანდიდატების წარდგენისას თავად ბოკერიამ თქვა.
"ხშირად საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ სიახლე სჭირდება პოლიტიკურ ცხოვრებას, საქართველოს. მე ვეთანხმები, სიახლე ყოველთვის მნიშვნელოვანია, უბრალოდ, ჩემთვის, რომელიც 20 წელიწადზე მეტია, პოლიტიკაში ვარ, ძნელია, რომ რამე სიახლე შევთავაზო ჩემი სახით ხალხს. პირიქით, სიახლე იქნება, რასაც ბევრი ისურვებდა, რომ პოლიტიკიდან წავიდე.
მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ ახლა ეგ დრო არ არის, წასვლის, და რაღაც სიახლე უნდა მომეფიქრებინა - ამიტომ, გადავწყვიტე, პირველად, ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში, ხობსა და სენაკში, საქართველოს ამ ნაწილში.
არამარტო იმიტომ, რომ დედაჩემი ფოთშია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ ეს ნაწილი მთელ საქართველოში არის ყველაზე ევროპული ნაწილი, ამიტომ, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს! ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას" - თქვა ბოკერიამ.
ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები დღეს, 3 აგვისტოს დაასახელა.