არჩევნები 2020

ISFED: წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის რვა ფაქტი. მათ შორის ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატად შესაბამის ოლქში. ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების ლელო საქართველოსთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობაშიც, რომლებმაც სოციალური დახმარების აქციები განახორციელეს, კერძოდ: ლელო საქართველოსთვის სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს დაეხმარა, ხოლო – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა.

ამბროლაური

8 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევში მცხოვრებ, ტარიელ გოგსაძის სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო ნობათი გაუგზავნა. ბიუროს თანამშრომლები, სოფლის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ და სასურსათო პაკეტი ოჯახს პირადად გადასცეს.

ცაგერი

9 ივლისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ოყურეშსა და ზუბში მცხოვრებ თათია წვერავასა და ნანა კვირიკაშვილის სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს გოჩა ენუქიძის სახელით სასურსათო ნობათი გადაეცათ. საგულისხმოა, რომ გოჩა ენუქიძე ოფიციალურად დასახელდა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში.

ონი

29 ივლისს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი და მაჟორიტარობის დასახელებული კანდიდატი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში – გოჩა ენუქიძე პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბართან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სტიქიის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას. დეპუტატი სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა და მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია, დეპუტატმა თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

31 ივლისს, დეპუტატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ გლოლაში ხვდებოდა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას და დახმარების გადაცემაში მონაწილეობდა.

ჩუღურეთი

11 ივლისს, თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ქართული ოცნების ფრაქციის წევრმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა და ასევე, საკვები პროდუქტებიც მიუტანა.

რიმა ბერაძის თანაშემწის - მაკა სამნიაშვილის ინფორმაციით, მანანა სულთანიშვილმა რამდენჯერმე დახმარების თხოვნით, წერილობით მიმართა რიმა ბერაძეს. ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი ბავშვით. საკვები რომელიც შეეძლო წაეღო უფასო სასადილოდან უფუჭდებოდა მაცივრის არქონის გამო. ამიტომ საკრებულოში რიმა ბერაძემ და მისმა თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან 20-20 ლარი შეაგროვეს და უყიდეს ოჯახს 200 ლარამდე ღირებულების მაცივარი.

გლდანი

21 ივლისს, ლელო საქართველოსთვის გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები, სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატ ბარბარე ოცდაერთს ესტუმრნენ. პარტიის წარმომადგენლებმა პანსიონატის ბენეფიციარებს, 15-მდე მოხუცს, ტანსაცმელი და ტკბილეული გადასცეს, მოისმინეს მათი პრობლემები. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ცხადაძემ სამართლან არჩევნებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო საქველმოქმედო აქცია, პირადი სახსრებით და არ იყო გათვლილი პოტენციურ ამომრჩევლებზე, რადგან პანსიონატის ბენეფიციარები ეტაპობრივად გადაადგილდებიან ხოლმე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. მისივე თქმით, საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მათ დაწესებულების ხელმძღვანელი დაუკავშირდა. აქციის დროს პარტიის ერთ-ერთ წარმომოადგენელს ეცვა ლელოს მაისური.

ხელვაჩაური

23 ივლისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი მიხეილ ბოლქვაძე შეხვდა სოფელ სალიბაურის მოსახლეობას და ერთ-ერთ ოჯახს სურსათი გადასცა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა მიხეილ ბოლქვაძე ამა თუ იმ მოტივით მოქალაქეებს სურსათით ასაჩუქრებს. მიხეილ ბოლქვაძემ „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უთხრა, რომ ამ ოჯახის არასრულწლოვნებს დედა ჰყავთ გარდაცვლილი და მათ ამ მოტივით აჩუქა სურსათი. ხელვაჩაური 8 ივლისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიხეილ ბოლქვაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქე ნაფიე ყურშუბაძე, რომელსაც მუნიციპალიტეტი არ დაეხმარა, სავარაუდოდ, ოპოზიციური განწყობის გამო, მოინახულა და საჩუქრად სურსათი გადასცა.

ოზურგეთი

ქართული ოცნების ოზურგეთის ორგანიზაცია და პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარის, არჩილ თალაკვაძის ბიურო პანდემიის გამო აპრილ-მაისში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარებას გასცემდა. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული დახმარება – საკვები პროდუქტების სახით ოზურგეთში შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქართველოში თურქეთის საელჩომ და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) გამოყო. ქართული ოცნების ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერაბ ჭანუყვაძის ფეისბუქგვერდზე გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, დახმარება სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებისათვის რაიონული ორგანიზაციის წევრებისა და არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელის მიერ გაიცა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

კომენტარები