არჩევნები 2020

ISFED: სოციალური დახმარების გაცემისას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2 შემთხვევა გამოვლინდა

www.lieffcabraser.com

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ორი შემთხვევა გამოვლინდა. 

შემთხვევები გამოვლინდა ხელვაჩაურსა და ხაშურში. ხაშურში ერთ-ერთი ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებაზე უარს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებს, რადგან ოჯახი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ასევე, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად ნაციონალურ მოძრაობასთან გადაამისამართა, რადგან ოჯახი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოიაზრება.

ხელვაჩაური

მერის წარმომადგენელმა ნადიმ ბოლქვაძემ სოფელ ერგეში მრავალშვილიან 84 წლის ნაფიე ყურშუბაძეს პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ მისი ოჯახის წევრი სასმელი წყლის პრობლემის თაობაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრიფინგის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში ჩაერთო. როგორც სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა გაარკვია, ამ სტატუსის მქონე სხვა მოქალაქეებს სურსათი დაურიგდათ, ხოლო აღნიშნულ მოქალაქეს ერგეს წარმომადგენელმა ურჩია, დახმარების მიღებისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, როგორც მათ მხარდამჭერს ისე მიემართა.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან საუბრისას ნაფიე ყურშუბაძის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დაადასტურა, რომ ნადიმ ბოლქვაძემ, მათ სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად ნაციონალურ მოძრაობასთან გადაამისამართა. იგი ამბობს, რომ ხანდაზმულ ნაფიე ყურშუბაძეს დახმარება სწორედ იმ მოტივით არ გადასცეს, რომ ოჯახის სხვა წევრმა, ნაციონალური მოძრაობის წევრთან, მიხეილ ბოლქვაძესთან ერთად ერთ-ერთ სატელევიზიო პირდაპირ ჩართვაში სოფელში არსებული სასმელი წყლის პრობლემაზე ილაპარაა.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი 23 ივლისს სოფელ ერგის წარმომადგენელს, ნადიმ ბოლქვაძესაც დაუკავშირდა. მიუხედავად ბევრჯერ დასმული შეკითხვისა, თუ რა დახმარება დაურიგდა მოსახლეობას და ვის მიერ იქნა გაცემული, სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა პასუხი ვერ მიიღო. კითხვაზე, ნამდვილად უთხრა თუ არა სოფლის წარმომადგენელმა ყურშუბაძის ოჯახის წევრს, რომ დახმარებისთვის ნაციონალური მოძრაობისთვის მიემართათ, ნადიმ ბოლქვაძემ ეს უარყო. ამ შეკითხვამ როგორც ჩანს ერგის წარმომადგენელი ძალიან გააღიზიანა, და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს შეაგინა.

ხაშური

პანდემიის დროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების ნაწილს ადგილობრივი მერია საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით 3 ივლისს სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს დაუკავშირდა სურამში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი. მათი ინფორმაციით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ დახმარებია. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ სოციალურ დახმარებას არ იღებენ, მისივე თქმით, შემწეობა მას შემდეგ მოუხსნეს, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა და ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით ხდება, რადგან მმართველ პარტიას მხარს არ უჭერენ.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა ინფორმაცია გამოითხოვა მერიიდან, თუ რამდენ ოჯახს დაეხმარა მუნიციპალიტეტი. მათი ცნობით, ბიუჯეტიდან სასურსათო პროდუქტებისთვის 40 000 ლარამდე გამოიყო, თუმცა მოხვდა თუ არა ამ სიაში ეს ოჯახი, მერიამ, კონფიდენციალობის მოტივით, ინფორმაცია არ მოგვაწოდა. სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელთან აცხადებს, რომ ხაშურის მერის, გიორგი გურასპაშვილის დავალებით, ხელისუფლება მხოლოდ იმ ოჯახებს დაეხმარა, რომლებიც მმართველ პარტიას უჭერენ მხარს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

კომენტარები