საქართველოს პროკურატურა

POG: ოპერაცია არალიცენზირებულმა ექიმებმა ჩაატარეს, დაკავებულია კლინიკის დირექტორი და ექიმი

tsamali.ge

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის თბილისის ცენტრალური საავადმყოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს.   

პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს კლინიკაში არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ მისი გამოკვლევები იტალიაში გადააგზავნეს და ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარეს. პაციენტი 2018 წლის 11 დეკემბრიდან კომაშია.

უწყების ცნობით, ერთი ექიმის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თაობაზე დაუსწრებლად არის დადგენილება გამოტანილი. 

"გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულის პერიოდში თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა პაციენტმა და მას შესაბამისი კონსულტაცია გაუწია ექიმმა ვ.ყ.-მ. კონსულტაციის გაწევის დროს ექიმმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ ჩატარებული გამოკვლევები გადაგზავნილ იქნა იტალიაში და მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე იგეგმებოდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება უშუალოდ იტალიელი სპეციალისტების მონაწილეობით. თუმცა, ხსენებულის მიუხედავად, 2018 წლის 18 სექტემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩატარდა უაშუალოდ კონსულტაციის გამწევი ექიმის მიერ, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი საექიმო საქმიანობის უფლებამოსილება და, ასევე, მან ოპერაციაში დაიხმარა ექიმი მ.ხ. რომელსაც, ანალოგიურად, არ გააჩნდა საქართველოში საექიმო საქმიანობის უფლება და აღნიშნული პირი უბრალოდ მუშაობდა კლინიკაში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის პოზიციაზე.  

გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ოპერაციის ჩატარების შემდგომ პაციენტის მდგომარეობა გართულდა, მან კვლავ მიმართა თბილისის ცეტრალურ საავადმყოფოს, სადაც ბრალდებულმა ანალოგიურად დაარწმუნა ის და მისი ოჯახის წევრები, რომ საჭირო იყო განმეორებითი ოპერაციის ჩატარება, თუმცა, პირველი ოპერაციის მსგავსად, 2018 წლის 11 დეკემბერს ოპერაცია კვლავ ჩატარდა არალიცენზირებული ექიმების, ვ.ყ-ს და მ.ხ.-ს მიერ. 

ექიმების მიერ განხორციელებული უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და 2018 წლის 11 დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ხსენებულ პერიოდში კლინიკის ხელმძღვანელი იყო გ.ლ. რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა - კერძოდ, პაციენტის მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობას, პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად", - თქვა პროკურორმა, დავით გუბელაძემ.

ექიმი ვ.ყ.-ს ბრალი 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით, ასევე, 246-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კლინიკის დირექტორს ბრალი 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, საზღვარგარეთაა და საგამოძებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს. უწყების ცნობით, მას ბრალი დაუსწრებლად, 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები