არჩევნები 2020

ელისაშვილი: ვეჭვობ, ჩხარტიშვილის პროექტის შემსრულებელი ბოკერიაცაა, ეჭვს არგუმენტი არ უნდა

0 კომენტარი
ფოტო: droa.ge

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის აზრით, ვანო ჩხარტიშვილის და ხელისუფლების პროექტია გიორგი ვაშაძე და ისიც, რაც ოპოზიციაში მოლაპარაკებების დროს ხდებოდა. მან მთავარი არხის ეთერში ეჭვი გამოთქვა, რომ "ჩხარტიშვილის პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი" ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაცაა.

"არევ-დარევა ოპოზიციაში, ვითომ გაგვიერთიანდი, მოდი, ამაზე შევთანხმდეთ, იმაზე შევთანხმდეთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დიახაც. ამ ხნის განმავლობაში, იმის მაგივრად, რომ ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ, ხალხის დარდზე ვილაპარაკოთ, ჩვენს ხედვებზე ვილაპარაკოთ, ვლაპარაკობთ იმაზე, აბა, ბოკერია ამას ვის სთავაზობს, სქემას 12/43-ზე თუ 15/3-ზე, ვის აინტერესებს. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ფეხებზე ჰკიდია ყველას" - თქვა ელისაშვილმა.

ეკა კვესიტაძის კითხვაზე, "ახლა თქვენ ამბობთ, რომ ჩხარტიშვილის პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელია ბოკერია?", საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი პასუხობს - "მე ეს აზრი მიმტკიცდება, სიმართლე რომ გითხრათ".

კითხვაზე, გიგა ბოკერია ვანო ჩხარტიშვილთან რა შუაშია, ალეკო ელისაშვილი წამყვანს ფიქრისკენ მოუწოდებს.

"თქვენ იფიქრეთ, ჭკვიანი, ჩახედული და ინფორმირებული ჟურნალისტი ხართ. მე რა ეჭვებიც მაქვს, გითხარით" - ამბობს პარტია მოქალაქეების ლიდერი.

დამატებით კითხვაზე - "ანუ ეს სქემა შემოგვთავაზა ივანიშვილმა და ჩხარტიშვილის სიძე ვაშაძემ და ამის განმახორციელებელია ბოკერია?", ალეკო ელისაშვილი პასუხობს - "კი, მათ შორის, კი. ეს აზრი მაქვს. ეჭვია, ოპერმუშაკი არ ვარ მე, რომ დავდევდე და ამათ ვუსმენდე. მაგრამ ეს აზრი მაქვს. არც მაინტერესებს, თავის სქემებში ღმერთმა ხელი მოუმართოთ". მისივე თქმით, "ეჭვს არგუმენტი აუცილებლად არ სჭირდება". 

კითხვაზე, რამდენად სწორია, პოლიტიკოსი ასე დაუსაბუთებლად აყენებდეს ასეთ მძიმე ბრალდებას, ელისაშვილი ისევ პასუხობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს გიგა ბოკერია.

"არ მაინტერესებს ეს ბოკერია, ბოკერია ხომ არა ხართ თქვენ, არა? გითხარით, ეჭვი მაქვს თქო, რამდენჯერ ვთქვა, ბრალმდებელი არ ვარ, არ მაინტერესებს ბოკერიაზე ლაპარაკი" - თქვა პარტია მოქალაქეების ლიდერმა.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა ალეკო ელისაშვილმა ივნისის დასაწყისში, საერთო მაჟორიტარებზე მსჯელობის დროს დატოვა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად მოქალაქეები დააფუძნა. 

ამის შემდეგ ელისაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს და, განსაკუთრებით, ევროპულ საქართველოს აქტიურად შეუტია, რის შემდეგაც, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ელისაშვილი თბილისში რვა მაჟორიტარული ოლქიდან ორ ადგილს ითხოვდა. ოპოზიციური პარტიების თქმით, სწორედ ამიტომ დატოვა ალეკო ელისაშვილმა ერთობა. რამდენიმე კვირის შემდეგ ელისაშვილმა დაადასტურა, რომ კანდიდატს ორ ოლქში ითხოვდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციური ერთობა დატოვა და სტრატეგია აღმაშენებელი დააფუძნა გიორგი ვაშაძემაც, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ერთიანი კანდიდატია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები