აფეთქება ლიბანში

ბეირუთში მომხდარი აფეთქება ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ ტვირთს უკავშირდება

RHOSUS

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, პორტში მდებარე საწყობში მძლავრი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 100 ადამიანი და დაშავდა 4000. აფეთქებამ გაანადგურა პორტში მდებარე შენობები და 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა ნაგებობები. საწყობში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს.

2013 წლის 23 სექტემბერს ბათუმის პორტიდან მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი MV Rhosus მოზამბიკის ქალაქ ბეირის მიმართულებით გაემართა. მას 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა. გემი უცნობი მიზეზების გამო ბეირუთის პორტში ტექნიკური პრობლემების გამო შეჩერდა. შემოწმების შედეგად ლიბანის პორტში აღმოაჩინეს, რომ გემს ცურვის უფლება არ ჰქონდა. მისი მფლობელი იყო რუსი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი. გრეჩუშკინი კვიპროსის მოქალაქეა. მისმა კომპანიამ Teto Shipping Ltd-მ, რომელიც მარშალის კუნძულებზე 2012 წელს დაარეგისტრირა 2014 წლის სექტემბერში შეწყვიტა არსებობა. გრეჩუშკინის კომპანიაში დასაქმებული მეზღვაურები ამბობდნენ, რომ კომპანია მათ ხელფასებს არ უხდიდა. 2013 წელს Rhosus სევილიაშიც დააკავეს 14 დღით.

ეკიპაჟის წევრების უმეტესობა უკრაინელი იყო. ბეირუთის პორტში დაკავების შემდეგ, როდესაც მფლობელმა გემის ბედით დაინტერესება არ გამოხატა და ეკიპაჟის წევრებს საკვების მარაგი გამოელიათ, ასევე იმის გამო, რომ ტვირთი საშიშ ნივთიერებას წარმოადგენდა, საქმეში უკრაინელი დიპლომატები ჩაერთნენ, თუმცა საიმიგრაციო კანონები ეკიპაჟის წევრებს გემის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართა და ეკიპაჟის წევრებს გემიდან გადმოსვლის და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

ამის შესახებ საქმეში მონაწილე მომლაპარაკებლები და ადვოკატები The Arrest News-ის 2015 წლის ოქტომბრის ნომერში წერდნენ.

ვინაიდან ამონიუმის ნიტრატის გემზე გაჩერება საფრთხეს შეიცავდა, ის ბეირუთის პორტის საწყობში გადაიტანეს და გემიც და მისი ტვირთიც აუქციონს ან შესაფერისი მეთოდებით განადგურებას ელოდებოდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტვირთის დასაწყობებისას და მას შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში დაცული არ იყო სპეციალური ნორმები, რომელიც ამონიუმის ნიტრატის შენახვისას უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამონიუმის ნიტრატი გამოიყენება როგორც სასუქად, ასევე ასაფეთქებელი მასალის დასამზადებლად. 1995 წელს სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენეს ოკლაჰომა სიტიში ტერორისტული თავდასხმისას, რასაც 169 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბეირუთში აშშ-ს საელჩომ ლიბანის დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლებში და ატარონ ნიღბები, რადგან აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, მომწამლავი გაზი გამოიყო.

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის აშშ-ს ალკოჰოლის, თამბაქოს, იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების ბიუროს გამომძიებელი ენტონი მეი ამბობს, რომ ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემთხვევაში წარმოქმნილი ღრუბელი ყვითელი შეფერილობის უნდა ყოფილიყო. ღრუბელი მოწითალო ფერის იყო, რაზე დაყრდნობითაც მეი ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რომ საწყობში ამონიუმის ნიტრატი მართლაც ყოფილიყო, თუმცა საქმე გვაქვს სხვა ნივთიერებასთანაც. მისივე თქმით, დაკვრითი ტალღა კილოტონიანი ატომური ბომბის აფეთქებისას უტოლდებოდა, თუმცა არავითარი მინიშნება არ არსებობს იმაზე, რომ აფეთქება რადიოაქტიურმა ნივთიერებამ გამოიწვია.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლიბანელი ხალხის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და ინციდენტს "შემზარავი თავდასხმა" უწოდა, თუმცა მალევე აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმაზე, რომ აფეთქების მიზეზი თავდასხმა გახდა. ამასვე ამბობენ ლიბანის ოფიციალური პირები. მათი თქმით, პირველი აფეთქება პორტში დასაწყობებულმა ფოიერვერკმა გამოიწვია, მეორე კი მას შემდეგ მოხდა, რაც ცეცხლმა ფეთქებად ნივთიერებამდე მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაეროში გამოსვლისას ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სწორედ ლიბანის პორტის სატელიტური ფოტოები წარმოადგინა და თქვა, რომ იქ დაჯგუფება ჰეზბოლა რაკეტებს ამზადებდა. მოგვიანებით მან თქვა, რომ გაეროში გამოაშკარავების შემდეგ დაჯგუფებამ ამ ლოკაციებზე ოპერაცია შეწყვიტა.

ლიბანს დახმარება უკვე შესთავაზა ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, იორდანიამ, ქუვეითმა, კატარმა, რუსეთმა და ესპანეთმა.

კომენტარები