თამარ ბაჩალიაშილი

რამიშვილი: გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით გამოძიება არ ჩატარდეს

0 კომენტარი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა და ბაჩალიაშილის ოჯახმა საქართველოს პროკურატურასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი თამარ ბაჩალიაშილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ, 5 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ "თვითმკვლელობის იქით არანაირი გამოძიება არ განხორციელდება."

რამიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა საქმეში FBI-ს ჩართვა მოითხოვა, შსს-მ ამის მზაობა გამოთქვა, თუმცა, მისივე სიტყვებით, წერილი, რომელიც აშშ-ის საელჩოს გაუგზავნეს, ოჯახს არ გააცნეს.

"გუშინვე საღამოს უკვე საზოგადოებაში დაიწყეს ორგანიზებულად იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ ბავშვი, თითქოსდა, შედიოდა ისეთ ვებსაიტზე, სადაც იყო ნათქვამი - მე რომ მოვკვდები, რა დაემართება ჩემს Facebook-ს, ყველას გვაქვს ეს ნანახი. თურმე, 17 ივლისს წამლებს ნახულობდა. 

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ლეპტოპი არის აბსოლუტურად გაუბედურებული, წაშლილია ყველაფერი და ეს არის პირდაპირ მიმართება იმისკენ, რომ გადაწყვეტილი აქვთ, არანაირი საქმე არ გამოიძიონ და პირდაპირ ამყარებს იმ ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და იმ მკვლელობას, რომელიც მის მიმართ იყო გამოყენებული. ასევე, იმ ჯგუფს, რომელიც არის ჩართული და პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს. ესენი არაფერს არ გამოიძიებენ. 

პირდაპირ მივმართავ მთავარ პროკურორს, თუ მორალური, ზნეობრივი, ადამიანური და არა მონური თვისების ერთი მარცვალი აქვთ დარჩენილი, მიიღონ გადაწყვეტილება". – თქვა რამიშვილმა. 

გუშინ, 5 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე Facebook-ის "დახმარების განყოფილებაში" მოძებნა ინფორმაცია, თუ რა მოსდის Facebook-ის გვერდს, თუ მფლობელი გარდაიცვლება. მათივე ცნობით, ამის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილმა Google-ის საძიებო სისტემაში მოიძია ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გაუქმდეს ფეისბუკის ანგარიში სიკვდილის შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ გუშინ, 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები