რუსული ოკუპაცია

გაეროს წევრი ქვეყნები: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებების პირობები

Diplomacy24

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 5 აგვისტოს გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე საქართველოს ოკუპაციის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს

სხდომის დასრულების შემდეგ, უშიშროების ახლანდელი და მომავალი წევრების - ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

"ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას. 

ამასთან, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში". – წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, კორონავირუსის პანდემიის დროს ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესთან და იმ დეზინფორმაციის კამპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი ცდილობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას, სტაბილურობას, ადამიანის უფლებებით სარგებლობას და რეგიონის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობის საკითხი, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების.

8 ქვეყნის წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება.   

კომენტარები