რუსული ოკუპაცია

მედვედევი აგვისტოს ომზე: რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა

0 კომენტარი
დმიტრი მედვედევი ფოტო: TASS

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი 12 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმას თავის Facebook გვერდზე ეხმაურება:

"დღეს 12 წელი სრულდება იმ მომენტიდან, როცა ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ ქცევას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომლებმაც ბრძანება გასცეს ცეცხლის გახსნაზე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, დაუცველ მოხუცებსა და ბავშვებზე, რუს სამშვიდობოებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, ქართული სოფლების მცხოვრებთათვის".

მედვედევი ამბობს, რომ ფაქტობრივად, ეს იყო რუსეთის ფედერაციისთვის ომის გამოცხადება.

"სწორედ ამიტომ, მაშინ მე მივიღე არამარტივი, თუმცა, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება – დავმდგარიყავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაცვისთვის, თავდაპირველად ისინი აგრესიისგან დავიცვათ, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების თხოვნით, ვაღიარეთ მათი სრული დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია გადაიქცეოდა დენთის კასრად, რაც რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა მეზობელ სახელმწიფოებში ხანგრძლივი მშვიდობის შენარჩუნებას." – წერს ის.

როგორც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი წერს, რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს და გააგრძელებს მხარდაჭერას მოსაზღვრე ქვეყნებში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

"ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება და მოქმედება სწორედ ამ აბსოლუტურად გულწრფელი სურვილითაა ნაკარნახევი. ამავე დროს, რუსეთი, და ეს ნათლად უნდა იქნას გაგებული, არასდროს დაუშვებს თავდასხმას ჩვენს მოქალაქეებზე, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. ჩვენი პასუხი ყოველთვის აბსოლუტურად ადეკვატური იქნება შექმნილ გარემოებებთან, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში." – აღნიშნა მან.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

სამხედრო კონფრონტაცია რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. ვითარება კოდორის ხეობის გარშემო აპრილიდან დაიძაბა. მოსკოვმა აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალების და მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყო. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა კი ქართული უპილოტო მზვერავი აპარატი ჩამოაგდო. ამას სარკინიგზო ჯარების შემოყვანა მოჰყვა, რომლებმაც სოხუმიდან ოჩამჩირემდე ლიანდაგის აღდგენის ინტენსიური სამუშაოები დაიწყეს. მათი დასრულებისთანავე, ივლისის ბოლოდან ამ რკინიგზით აფხაზეთში სამხედრო ეშელონები დაიძრა.

ამასთანავე, რუსეთის დუმაში უკვე 2008 წლის გაზაფხულზე შევიდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების კანონპროექტი. ივლისში რუსეთმა საქართველოს საზღვრებთან დიდი სამხედრო მანევრები - კავკაზ 2008 ჩაატარა. წვრთნების შემდეგ სამხედრო ნაწილები  საქართველოს საზღვრებთან რჩებოდნენ. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ ღია კონფლიქტის დაწყების წინ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

სიტუაცია ცხინვალის გარშემო ივლისის ბოლოდან დაიძაბა. 2 აგვისტოს ქართული პოლიციის მანქანა ააფეთქეს. ამის შემდეგ ორმხრივი სროლები გახშირდა, ქართული სოფლები რეგულარულად იბომბებოდა ცხინვალის მხრიდან. ბევრი ადამიანი დაშავდა. 6 აგვისტოს სოფელ ავნევთან ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

სწორედ ამ დროს რუსეთმა, მასშტაბური სამხედრო წვრთნების შემდეგ, სამხედრო ნაწილების საქართველოს საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია დაიწყო. მრავალი წყარო და დოკუმენტი ადასტურებს, რომ რუსულმა რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით საქართველოში მალულად შემოსვლა დაიწყეს.

საპასუხო ცეცხლის გახსნა 7 აგვისტოს, ღამით მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქართული მხარის მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ, ოსურმა და რუსულმა ფორმირებებმა დაბომბვა კიდევ უფრო გააძლიერეს.

ქართული ქვედანაყოფები ცხინვალში შევიდნენ. თუმცა, მალევე კონფლიქტში რუსეთი უკვე ღიად ჩაერია. რუსულმა ავიაციამ ქართული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა დაიწყო, ცხინვალისკენ რუსული სახმელეთო ძალები დაიძრა. 11 აგვისტოს ქართულმა ჯარმა თბილისისკენ, უკან დაიხია. კონფლიქტი სარკოზი-მედვედევის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა, რომელსაც რუსეთი დღემდე არ ასრულებს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები