არჩევნები 2020

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

გირჩი

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ ჯაფარიძე facebook-ზე წერს. 

მისი თქმით, იმის გამო, რომ ოპოზიციას თბილისის 6 ოლქში საერთო კანდიდატი ჯერ არ დაუყენებია, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

ჯაფარიძე წერს, რომ გირჩი ვაკის ოლქში, ევროპული საქართველოს წევრს, ელენე ხოშტარიას მხარს უჭერს და დარჩება "ამ გადაწყვეტილების ერთგული".

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში, ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში". – წერს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, წინასწარი კონსულტაცია ჰქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც, მისი თქმით, დაუდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ამ გადაწყვეტილების მიმართ. ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ ეს კეთილგანწყობა "გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან".

ჯაფარიძემ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი დებატებში გამოიწვია.

"საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება ბ-ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში". – წერს ჯაფარიძე. 

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე მხოლოდ თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება.

კომენტარები