ქართული ოცნება

კალაძე: წინა ხელისუფლება კახელს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა

0 კომენტარი
ფოტო: instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ 2012 წლამდე ხელისუფლებას "რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა" და კახელებს ვაზის გაჩეხვისკენ მოუწოდებდა. 

ამის შესახებ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა თელავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე ისაუბრა, რომელსაც გიორგი გახარიაც ესწრებოდა. 

"კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთერთი მამოძრავებელი ძალა, ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისაგან, მშვიდობიანობის ჟამს პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას დღემდე ვკითხულობთ თითოეული კახელი კაცის თვალებში. ვერავითარმა ძნელბედობამ ვერ შეუცვალა კახელებს ბუნება, ვერ ააღებინა ხელი საკუთარ ცხოვრების წესზე, სამშობლოს ერთგულებაზე, რადგან კახელი ადამიანი ძლიერ ფესვზე დგას, ფესვზე, რომელიც კიდევ ბევრ ეპოქას გამოიცვლის, მაგრამ თავის ბუნებას არასდროს, რადგან ეს არის ის, რითიც აქამდე მოსულა. ეს არის ის, რაც აწურინებს კახელს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს და ეს არის ის, რითიც მთელი საქართველო ვამაყობთ". – თქვა კახა კალაძემ. 

თბილისის მერი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე უნდა გაიყიდოს, არგუმენტით, თუ "ვის რად უნდა ჩვენი ღვინო ევროპაში". 

კახა კალაძის თქმით, წინა ხელისუფლება კახელებს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა და მაშინ ქართული ოცნების გუნდი "მიხვდა", რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. 

"ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც უსამართლობამ, ხალხის აბუჩად აგდებამ და დამცირებამ ყველა წყობიდან გამოიყვანა, როდესაც ხელისუფლებას რთველი კი არ ახარებდა, აშინებდა და როდესაც კახელს ვაზის აჩეხვისკენ მოუწოდებდა. მაშინ ყველა მივხვდით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ასეც მოხდა. ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან და რეგიონებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა". – თქვა კახი კალაძემ. 

მაჟორიტარი დეპუტატობის 30 კანდიდატი ქართულმა ოცნებამ 20 ივლისს წარადგინა. თელავის, ახმეტისა და ლაგოდეხის ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატი კახეთის მოქმედი გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები