გიორგი შაქარაშვილის საქმე

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელი, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. 

უწყების ინფორმაციით, დაბადების დღის სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს სცემეს ვახტანგ ჩიქოვანს, რომელიც თავს დაჩაგრულად თვლიდა და დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით თბილისში დაბრუნდა.

პროკურატურის ცნობით, ადგილზე დარჩა მისი ორი მეგობარი და ისინი ჩიქოვანს ადგილიდან ინფორმაციას აწვდიდნენ. მათივე თქმით, არაგვის ხიდზე დაპირისპირების შემდეგ ტოიოტა ქამრი ჯერ აგარაკზე წავიდა და რადგან იქ არავინ დახვდა, გამოემართა უკან, რა დროსაც დაინახეს გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები და გზა გადაუჭრეს. პროკურატურის ინფორმაციით, მანქანიდან გადმოვიდნენ ვახტანგ ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე და არასრულწლოვნები: ზ.ხ. და ა.ქ.

უწყების განმარტებით, გაქცევისას შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო გადაადგილების შესაძლებლობა და მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც  მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. პროკურატურის ცნობით, თავდამსხმელებმა ისარგებლეს იმით, რომ შაქარაშვილმა არ იცოდა ცურვა და მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

"სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა". - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება - დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15.../25... მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი ადამიანის მიმართ დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარები