გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა

შაქარაშვილის ბიძა: ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს

მთავარი არხი

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და მიიჩნევს, რომ სრულად არის დადასტურებული დამნაშავეების მიერ ჩადენილი ქმედება. 

"სასამართლოში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია". – ამბობს ნიკოლაძე. 

მისივე თქმით, ოჯახი პირველივე ეტაპზე ენდობოდა გამოძიებას. 

"გამოძიებას ოჯახი ენდობოდა პირველივე ეტაპზე. გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს პერიოდი და საბოლოო ჯამში სწორედ ურთიერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს". – ამბობს ნიკოლაძე. 

ნიკოლაძის თქმით, დაზარალებულის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. როგორც ნიკოლაძე ამბობს, ისინი თვალყურს მიადევნებენ, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიცაა მაგალითად, შეწყალება. 

საქმის თვენახევრიანი მოკვლევის შემდეგ დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ხუთ დაკავებულს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქამდეც იძიებდნენ, ამ დრომდე ამ მუხლის საფუძველზე 17-დან არცერთ დაკავებულს ბრალი წარდგენილი არ ჰქონია. 

პროკურატურის ცნობით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მდინარე არაგვში გადააგდეს, რის შედეგადაც, ის გარდაიცვალა. 

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე დაკავებული 17 ადამიანიდან 6 არასრულწლოვანია. 

კომენტარები