არჩევნები 2020

ევროპული საქართველო საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა

მთავარი არხი

დღეს, 12 აგვისტოს, ევროპული საქართველო იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს. როგორც ტაბულას პარტიაში უთხრეს, მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი ქალაქის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დააჯარიმა.

"ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და რომ შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს. მოვედით აქ და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს. ამ ხალხს, არც კონსტიტუცია არ აინტერესებს, არც საარჩევნო კოდექსი. ერთადერთი, იქედან რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი იძახის, რომ იქ არ გამიკრათო". – თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

როგორც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში ტაბულას უთხრეს, ევროპული საქართველო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის განმეორებით დამახინჯებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ევროპულ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის დარღვევასაც ედავებიან, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. 

კომენტარები