არჩევნები 2020

კახიძე: ჩვენ კონცენტრირებული ვართ ივანიშვილის დამარცხებაზე და არა ვინმეს გაპრემიერებაზე

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთარ კახიძე დავით ბაქრაძის სიტყვებზე, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერმინისტრად, არ იქნებიან, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს ეხმაურება. კახიძის თქმით, ევროპული საქართველო კონცენტრირებულია ივანიშვილის დამარცხების ამოცანაზე. იგი აღნიშნავს, რომ მომავალი პრემიერმინისტრი იქნება კოალიციური ხელისუფლების მხრიდან კომპრომისული ფიგურა და ამაზე ლაპარაკი ამ მომენტისთვის ნაადრევია. 

"ევროპული საქართველო კონცენტრირებულია ივანიშვილის დამარცხების ამოცანაზე. ეს არის ჩვენთვის მთავარი და არა ვინმეს გაპრემიერებაზე საუბარი. მომავალი პრემიერმინისტრი, მას შემდეგ, რაც ივანიშვილს დავამარცხებთ, იქნება კოალიციური ხელისუფლების მხრიდან კომპრომისული ფიგურა, რომელიც მისაღები იქნება არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მრავალფეროვანი კოალიციისთვის. ამაზე საუბარი ამ მომენტისთვის ნაადრევია, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული ივანიშვილის დამარცხებაზე.

რაც შეეხება ქალბატონი სამადაშვილის მინიშნებას, რომ მაჟორიტარებში, თითქოს, ჩვენ გვჭირდება ნაციონალური მოძრაობის დახმარება, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის დახმარება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დახმარება ჩვენ, არამედ ევროპული საქართველოს დახმარება ნაციონალურ მოძრაობას, ლეიბორისტულ პარტიას, გირჩს, ახალ საქართველოს და სხვებს. ამიტომ, ასეთი საუბარი არანაირ სიკეთეს არ მოიტანს. 

მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციურ კოლეგებს, რომ ვკონცენტრირდეთ და ვფოკუსირდეთ ივანიშვილის დამარცხების უმნიშვნელოვანეს ამოცანაზე". – აღნიშნავს ოთარ კახიძე.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გაუწიონ. მისივე თქმით, კოალიციურ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შექმნის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იყვნენ.

"როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერმინისტრად". – თქვა დავით ბაქრაძე.

დავით ბაქრაძის სიტყვებს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან".

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით კი დავით ბაქრაძის ეს სიტყვები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა და ბიძინა ივანიშვილის სურვილია, ხოლო თუ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, არ უქმნი კოალიციას, მაშინ რჩება მხოლოდ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები