არჩევნები 2020

უგულავა: ივანიშვილის მმართველობას არა სააკაშვილი, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს

ევროპული საქართველო

"სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია ენმ-დან ჩვენი კოლეგების აღშფოთება". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა დავით ბაქრაძის სიტყვებს, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერმინისტრად, არ იქნებიან, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს

უგულავა Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის წევრებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ენმ-ს მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. მისივე თქმით, სააკაშვილის გაპრემიერების სურვილის უფლება ენმ-ს აქვს, თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული კოალიციური მთავრობა სურს.

"დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის მ. სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, "ერთპარტიულ გამარჯვებაზე" (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ, რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 ნაციონალის მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აირჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ, ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა.

ჩვენი, ევროპულ საქართველოს, და ასევე სხვა ოპოზიციის უფლება და მოვალეობაა, რომ განგიმარტოთ – ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არცერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ -ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია.

დიახ მეგობრებო, ნებისმიერი მცდელობა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ, ჩვენგან, ევროპული საქართველოსგან, მოჰყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს. ცხადია, ენმ-ს გარეშე კოალიცია ვერ შედგება, ისევე როგორც კოალიციურ პროპორციებს ამომრჩეველი გადაწყვეტს. ამიტომ დავადასტუროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მკაფიო განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის". – წერს უგულავა.

უგულავას თქმით, ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს ევროპული კოალიციის პირველ ვადას.

"ნიშნავს არსებით სიახლეს, 30-წლიანი მოჯადოვებული წრის გარღვევას, სამთავრობო ბატონ-ყმობის ერთხელ და სამუდამოდ გადაგდებას. მე მგონი, საკმარისზე მეტი მიზეზია რატომ არ ვიღებთ თქვენს წინადადებას. მოდით ნუ ვიქნებით კომიკურები, სასაცილოა არდაჭერილი დათვის გატყავება. ჯერ საქართველო, ჯერ გამარჯვება და შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ნამდვილად არ ვისურვებდი რომ ენმ არჩევნების მეორე დღეს საკუთარი შეცდომის მძევალი აღმოჩნდეს". – ამბობს უგულავა.

უგულავა ენმ-ს სხვადასხვა საკითხებში მსჯელობასა და დისკუსიისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ერთიანი მაჟორიტარი ივანიშვილის დამარცხებისთვის არის საჭირო და ესაა ოპოზიციის საერთო ამოცანა.

"ვიმსჯელოთ კოალიცია რას გააკეთებს პირველ ას დღეში. მოდით თქვენი წინადადებებით, ჩვენ ჩვენით, სხვებსაც თავისი ექნებათ. ასე დისკუსიით დგება ერთობა, კოალიცია, რაც მოიტანს წარმატებას, განვითარებას, თავისუფლებას.

პ.ს. სრულიად გაუგონარია საკითხის ასე დაყენება-თქვენს მაჟორიტარებს ჩვენი ხმები არ უნდათ?! უნდათ მხარდაჭერა ივანიშვილის მანქურთების წინააღმდეგ, ისევე, როგორც თქვენ გჭირდებათ ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთანავე, არცერთ მაჟორიტარულ შეთანხმებაში ეს [პრემიერობის] საკითხი არც კი დასმულა, არათუ განხილულა. ერთიანი მაჟორიტარები ივანიშვილზე გამარჯვებისთვისაა საჭირო, რაც ჩვენი საერთო ამოცანაა. ამ თემას თავიდან აღარ გავხსნი. და უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს წარმატებას ვუსურვებ."– აღნიშნავს გიგი უგულავა. 

14 აგვისტოს რუსთავი 2-ის ეთერში ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გაუწიონ. მისივე თქმით, კოალიციურ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შექმნის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ იყვნენ.

დავით ბაქრაძის სიტყვებს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, "მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან".

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, დავით ბაქრაძის ეს სიტყვები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე თავდასხმა და ბიძინა ივანიშვილის სურვილია, ხოლო თუ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, არ უქმნი კოალიციას, მაშინ რჩება მხოლოდ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები