ახალი კორონავირუსი საქართველოში

სვანეთში, მესტიისა და ლენჯერის გარდა, შესაძლოა, კარანტინი 21 აგვისტოდან მოიხსნას

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შესაძლოა, სვანეთში 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიისა და ლენჯერის გარდა. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3509 PCR ტესტიდან ვირუსზე დადებითი 33 შემთხვევა გამოვლინდა.

"მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3509 პისიარ ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერისა და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინო ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს, აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიისა და ლენჯერის გარდა.

მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული!

აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა, აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული". – ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალის, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრის, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები